ლოჩოშვილი: „ხვიჩა ჩემი მეგობარია, მისი შეჩერება ძალიან რთული იქნება“
„კრემონეზეს“ ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა „გაძეტასთან“ ინტერვიუში კახა კალაძის, ხვიჩა კვარაცხელიასა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ სერია ა-ს მეცხრე ტურში „კრემონეზე“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. „კრემონეზეს“ მცველი მისი მეგობრის, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ ითამაშებს.
ლუკა ლოჩოშვილი: „მე და ხვიჩა მეგობრები ვართ, კარიერა ორივემ თბილისის „დინამოში“ დავიწყეთ და ახლა ეროვნულ ნაკრებში ერთად ვთამაშობთ, ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. მის პროგრესს ვხედავ და დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი დიდი გუნდი, როგორიც „ნაპოლია“, თვისებების გაუმჯობესებაში დაეხმარება. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ვარსკვლავი გახდეს. მისი შეჩერება? ეს ძალიან რთული იქნება. გუნდურად და ინდივიდუალურად საქმე კარგად უნდა შევასრულოთ, რომ მისი შეჩერება შევძლოთ, მაგრამ პრობლემა მხოლოდ მისი შეჩერება არაა, „ნაპოლი“ ამტკიცებს, რომ დიდი გუნდია“.
ლუკა ლოჩოშვილმა კახა კალაძის შესახებაც ისაუბრა: „ჩვენთვის კალაძე ლეგენდაა. ამას ყველა აღიარებს, დიდ წარმატებას მიაღწია, მან „მილანთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა (ორჯერ), სკუდეტო და კიდევ ბევრი რამ მოიგო“.
ლოჩოშვილის თქმით, მისი საყვარელი მოთამაშე კრიშტიანუ რონალდუა: „ჩემი ფავორიტი მოთამაშე რონალდუა, როგორც მისი მენტალიტეტიდან, ასევე მისი შედეგებიდან, მისი პროდუქტიულობიდან გამომდინარე. ის სრულყოფილი ათლეტია. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ფეხბურთზე, ზოგადად სპორტს ვგულისხმობ“.
ლოჩოშვილმა „კრემონეზეში“ ტრანსფერზეც ისაუბრა: „როდესაც გავიგე, რომ „კრემონეზეში“ თამაშის შესაძლებლობა მქონდა, კლუბს, მწვრთნელსა და კლუბის მმართველებს ვესაუბრე. გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე, ეგრევე დავთანხმდი“.
24 წლის ლუკა ლოჩოშვილი „ვოლფსბერგერიდან“ იტალიურ კლუბში გასულ ზაფხულში გადაბარგდა. ქართველმა ფეხბურთელმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა.
8 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ და „ატალანტა“ 20-20 ქულით სერია ა-ს ლიდერობენ. 20-გუნდიან ჩემპიონატში „კრემონეზე“ 3 ქულით მე-19 ადგილზეა.
„კრემონეზე“ - „ნაპოლის“ შეხვედრა 9 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.