„მეგონა სპალეტის სიტყვების გამო პრობლემები შეექმნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა“ - დელ გენიო ხვიჩაზე
„ნაპოლის“ ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ის ჟურნალისტმა, პაოლო დელ გენიომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. დელ გენიო „პარტენოპეის“ თავკაცის, ლუჩანო სპალეტის სიტყვებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „კვარას“ მათზე სათანადო რეაქცია ჰქონდა.
„ახლა სპალეტი კვარაცხელიას ძალიან კარგად იცნობს. იყო მომენტი, როცა ლუჩანოს სიტყვების გამო თავგზა ამებნა და მეგონა, იგი მეხანძრის როლს თამაშობდა, რათა კვარას ენთუზიაზმი ჩაექრო. მისი სიტყვების შემდეგ, ვიფიქრე, რომ ხვიჩას მოედანზე პრობლემები შეექმნებოდა და ვერ მიხვდებოდა, რა უნდა გაეკეთებინა და რა არა, მაგრამ ამის ნაცვლად, მას კარგი რეაქცია ჰქონდა. ასე რომ, მისტერ, მისი შეფუცხუნება განაგრძეთ“.
შეგახსენებთ, რომ დელ გენიომ თავისი პოზიცია მაშინაც დააფიქსირა, როცა სპალეტიმ კვარა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ხვიჩას თამაშში ეგოიზმი არ შეინიშნება. „სპალეტი ამბობს, რომ ხანდახან კვარაცხელია ფინალურ ფაზაში არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ ფინალურ ფაზამდე ხომ მიდის. მხოლოდ მას შეუძლია, არაფრისგან მომენტი შექმნას და სხვები ფინალურ ფაზამდე ვერც კი მიდიან“.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 11 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსის“ წინააღმდეგ ითამაშა და თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა.