„ოცნებები ხდება, ძალიან ბედნიერი ვარ“ - ხვიჩა აიაქსთან გამარჯვების შემდეგ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „აიაქსი“ ამსტერდამში „ნაპოლისთან“ 1:6 განადგურდა. სტუმართა მხრიდან მეხუთე გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მის აქტივშია საგოლე პასი.
ხვიჩა კვარაცხელია:„ვფიქრობ, ოცნებები ხდება, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობ და დღეს გოლი გავიტანე. ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა 3 ქულა მოიპოვა.
დღეს „აიაქსს'' კარგად არ უთამაშია, თუმცა „აიაქსი„ კარგი გუნდია, რომლის შემადგენლობაში ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. მეტოქეს წარმატებას ვუსურვებ“.
ხვიჩამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელზე, ჯოვანი დი ლორენცოზე ისაუბრა: „ის დიდებული მოთამაშე, ბრწყინვალე პიროვნება და კაპიტანია. მან ჯილდო დაიმსახურა, რადგან „ნაპოლისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
3 ტურის შემდეგ A ჯგუფის ლიდერი „ნაპოლია“ 9 ქულით. ლუჩანო სპალეტის გუნდმა „ლივერპული“, „რეინჯერსი“ და „აიაქსი“ დაამარცხა. მე-4 ტურში „ნაპოლი“ „დიეგო მარადონაზე“ „აიაქსს“ უმასპინძლებს.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ სამ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი შეასრულა და 1 პენალტი გამოიმუშავა.