UEFA-ს ახალგაზრდული ლიგა: ბერუაშვილის სპორტინგმა მარსელი გაანადგურა
UEFA-ს ახალგაზრდული ლიგის მესამე ტურში ლისაბონის „სპორტინგის“ 19-წლამდე გუნდმა სტუმრად „მარსელის“ 19-წლამდე გუნდს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა.
ლისაბონური კლუბის სამატჩო განაცხადში 18 წლის ქართველი მეკარე პაპუნა ბერუაშვილი მოხვდა. მას არ უთამაშია, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მიმდინარე სეზონის UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაში სამატჩო განაცხადში პირველად შეიყვანეს.
„სპორტინგის“ 19-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელია ფილიპე კელიკაია, რომელიც 2019-20 წლებში დონეცკის „შახტარის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო და დავით ხოჭოლავასთან მუშაობდა.
3 ტურის შემდეგ ბერუაშვილის გუნდი 7 ქულით პირველ ადგილზეა, „აინტრახტის“ 19-წლამდე გუნდის აქტივში 5 ქულაა, „ტოტენჰემის“ ასაკობრივმა გუნდმა 3 ქულა მოიპოვა, „მარსელმა“ კი მხოლოდ 1. ბერუაშვილის გუნდი შემდეგ მატჩს საკუთარ კედლებში „მარსელთან“ ჩაატარებს (12 ოქტომბერი).
ბერუაშვილი ლისაბონურ კლუბში მიმდინარე წლის მარტში გადავიდა. ოფიციალურად, პორტუგალიურმა კლუბმა ბერუაშვილის ტრანსფერი ივლისში დაადასტურა:
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ, პორტუგალიის უდიდეს კლუბთან კონტრაქტი რომ გავაფორმე. იმედი მაქვს, რაც შეიძლება მეტ შეხვედრაში მივიღებ მონაწილეობას და მაქსიმალურ პროგრესს მივაღწევ. მე ვარ მეკარე, რომელიც ჩაწოდებებზე კარგად გამოდის და მოედანზე ყველაფერს ტოვებს. სპორტინგის ისტორია კარგად ვიცი, რადგან სპორტინგის მუზეუმში ვიყავი და ბევრი რამ ვისწავლე“, - განაცხადა ბერუაშვილმა.
???? “Sinto-me muito bem e feliz por assinar pelo maior clube de Portugal. Espero jogar o máximo de jogos que conseguir e melhorar o mais que puder.”
— Sporting Clube de Portugal (@Sporting_CP) July 8, 2022
Papuna Beruashvili é Leão ???? #EuSouSporting
???? https://t.co/lIBXiuzJXV pic.twitter.com/0v2skeAQM4
შეგახსენებთ, UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე „პორტუს“ 19-წლამდე გუნდიც ასპარეზობს, მიმდინარე სეზონში გიორგი აბუაშვილი პორტუგალიური კლუბის სამატჩო განაცხადში არ მოხვედრილა.