საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა - შერმადინი რიტასთან ითამაშებს
ესპანეთის ACB ლიგა განახლდა და ლენოვო „ტენერიფემ“ ორი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გიორგი შერმადინის გარეშე.
მოგეხსენებათ, ევრობასკეტის გამო ქართველ კალათბურთელს სრულფასოვანი დასვენება არ გამოუვიდა და ამ ყველაფერს მცირე ტრავმაც დაემატა. აქედან გამომდინარე, ვეტერანი კალათბურთელი ჯერჯერობით პარკეტზე არ გვინახავს.
5 ოქტომბერს, კალათბურთის სამყაროში ჩემპიონთა ლიგა იწყება. „ტენერიფე“ კი საკუთარ კედლებში „რიტასს“ უმასპინძლებს. ასეთ მნიშვნელოვან დაპირისპირებაში, რა თქმა უნდა, შერმადინის დონის მოთამაშის ყოლა პრიორიტეტულია
მატჩისწინა გამართულ პრესკონფერენციაზე ვიდორეტას სწორედ გიორგის შესახებ ჰკითხეს. ჟურნალისტს აინტერესებდა, თუ როდის დაბრუნდება შერმადინი, რაზეც ვიდორეტამ უპასუხა:
„მისი მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. განაცხადში შევიყვანე და იმედი მაქვს, ხვალ თამაშს შეძლებს.“
შეგახსენებთ, რომ ლენოვო „ტენერიფე“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია.