როცა ჯორდანმა გარნეტს ჭკუა ასწავლა - „არ იცოდა, რომ მისი პროვოცირება არ შეიძლებოდა“
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონმა, აიზეია რაიდერმა მაიკლ ჯორდანთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა. „ლეიკერსის“ ყოფილმა კალათბურთელმა კევინ გარნეტსა და „ემჯეის“ შორის განვითარებულ მოვლენებზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ მაიკლის პროვოცირება უბრალოდ არ შეიძლება.
„გარნეტს არასდროს უნახავს, ჯორდანის წინააღმდეგ როგორ ვთამაშობდი და არ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. ერთ მომენტში, ჩემს ანგარიშზე 24 ქულა იყო, მაიკლს 18 ქულა ჰქონდა და ამ დროს გარნეტი მეუბნება: „ასე განაგრძე, ის დაცვაში სუსტია“. კევინს ასე ვუპასუხე: „თავი დამანებე, მაიკლი ახლოსაა და შენი ესმის...“, რაზეც გარნეტი მეუბნება: „დამშვიდდი მეგობარო, ის საერთოდ არ მაინტერესებს“.
ჯორდანმა მეოთხე მეოთხედში 17 ქულა ჩააგდო და მთელი პერიოდის განმავლობაში, მე და კევინს ირონიული ღიმილით გვიყურებდა. მაშინ გარნეტი ვერ ხვდებოდა, რატომ არ შეიძლებოდა მაიკლ ჯორდანის პროვოცირება და ამის შემდეგ ბევრი რამ გაანალიზა“.
შეგახსენებთ, რომ ჯორდანს კარიერაში 6 საჩემპიონო ბეჭედი მოუგია და ფინალურ დაპირისპირებაში არც ერთხელ დამარცხებულა. მაიკლი ყველა ჯერზე ფინალების MVP გახდა და ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად ითვლება.