„ახალი ვარსკვლავი, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია“ - Thesoccergoal-ი გოჩოლეიშვილზე წერს
Thesoccergoal.com-ი ამერიკული ვებგვერდია, რომელიც საფეხბურთო სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე წერს და ადგილობრივ პუბლიკას უცხოურ კლუბებსა და ფეხბურთელებს აცნობს. რამდენიმე საათის წინ, Thesoccergoal-მა სტატია ქართველ მოთამაშეს მიუძღვნა და გიორგი გოჩოლეიშვილზე დაწერა.
გიორგი გოჩოლეიშვილი: მარჯვენა ფლანგის ფეხბურთელი, ვინც ინგლისის ნაკრებს გაუტანა და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ
„2015 წელს, საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი საფეხბურთო ნაკრები ჰყავდა. ჯვაროსნები მსოფლიო რეიტინგში 122-ე ადგილს იკავებდნენ, რაც მათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი გახლდათ. საქართველოს ანტირეკორდი 154-ე ადგილია და მაშინ ევროპის მასშტაბით, ჯვაროსნებზე დაბლა მხოლოდ 3 ქვეყანა იყო, მათზე წინ კი ისეთი ნაკრებები იმყოფებოდნენ, როგორებიც ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი და ყაზახეთი არიან. 2015 წლის შემდეგ, 7 წელი გავიდა და ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. საქართველომ ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა და თითქმის 100-პროცენტიანი შედეგი ჰქონდა. საინტერესო და ამაღელვებელი ფორვარდი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე იმყოფება და 8 თამაშში 5 გოლი აქვს გატანილი. ვალენსიაში მოთამაშე გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის 9 შეხვედრაში მონაწილეობა 8 გოლში მიიღო. კარგ ფორმაში მყოფი ქართველი ფეხბურთელების სია უსასრულოა.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც საქართველოს პროგრესი განაპირობა, ადგილობრივი ჩემპიონატის განვითარებაა. როცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაკრებების უმრავლესობა ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, საქართველოს ნაკრების წამყვანი მოთამაშეები ადგილობრივი ჩემპიონატის აღზრდილები არიან. კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ტოპ დონის პერსპექტიულ ახალგაზრდებს ზრდის და კიდევ ერთი ვარსკვლავი ჰყავს, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია: გიორგი გოჩოლეიშვილი.
გოჩოლეიშვილი საბურთალოს აკადემიის აღზრდილია და 2020 წელს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა. წლის ბოლოსთვის, მის აქტივში 8 მატჩი იყო, რომლებიდანაც 5 ჩემპიონატის ეგიდით, ხოლო 3 საქართველოს თასზე გამართა. გოჩოლეიშვილის ძირითად გუნდში დაწინაურება შესაძლებელი იყო, მაგრამ მოსალოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ვითარება 2021 წელს გამართულ შეხვედრაში შეიცვალა, როცა გიორგი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. საბურთალო ლოკომოტივს 1-ბურთიანი უპირატესობით ამარცხებდა, გიორგიმ კი 90-ე წუთზე გოლი გაიტანა და თავის გუნდს 3 ქულა გაუნაღდა. ამის შემდეგ, სათადარიგოთა სკამზე მყოფ გოჩოლეიშვილს სათამაშო დრო რეგულარულად ეძლეოდა და სეზონის ბოლოს ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა.
2021 წლის მიწურულს, გოჩოლეიშვილმა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. მან ბელარუსთან მოგებულ მატჩში 90 წუთი ითამაშა, რუმინეთთან კი ცვლილებაზე შევიდა, თუმცა ყურადღების ცენტრში ინგლისთან გამართული შეხვედრის შემდეგ მოექცა. სამი ლომის წინააღმდეგ, მან საგოლე გადაცემა მიითვალა, შემდეგ კი ბრწყინვალე სოლორეიდი განახორციელა და საქართველოს უპირატესობა გაზარდა. საბოლოოდ, საქართველომ 3 ქულა სწორედ მისი გოლის წყალობით დაისაკუთრა.
გოჩოლეიშვილი მიმდინარე სეზონში შთამბეჭდავად ასპარეზობას განაგრძობს. მან საბურთალოს მარჯვენა ფლანგზე პოზიციები გაიმტკიცა, თუმცა სხვა ფუნქციების შეთავსებაც მოასწრო. ამ სეზონში, გოჩოლეიშვილს 4 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული და მონაწილეობა საბურთალოს მიერ გატანილი გოლების თითქმის 15 პროცენტში მიიღო, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია. მან რამდენიმე წარმატებას მიაღწია და ეროვნულ ნაკრებში გამოძახება შორეული პერსპექტივა არ უნდა იყოს. გოჩოლეიშვილის ერთ-ერთი ძლიერი მხარე მისი უნივერსალურობაა. ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის, დანი ალვეშისგან განსხვავებით, გიორგის სხვა პოზიციებზე თამაშიც შეუძლია და მიმდინარე სეზონში ეს რამდენჯერმე გააკეთა, თუმცა ალვეშის მსგავსად, გოჩოლეიშვილი შეტევებს კარგად აგვირგვინებს და ჩაწოდებებიც გამოსდის, რაც საშუალებას აძლევს, ვინგბექის ფუნქციები შეითავსოს.
დაცვაში, გოჩოლეიშვილს თავისი შთამბეჭდავი სისწრაფის გამოყენება და ბურთის დაბრუნება შეუძლია. გიორგი მისი აღნაგობისთვის შედარებით ძლიერია და ვარდნების განხორციელების უნარი ბურთის მოპოვებაში ეხმარება. საუკეთესო ვარიანტია, რომ იგი ვინგბექის პოზიციაზე იქნას გამოყენებული, რადგან მარჯვენა მცველად გამწესება მის შეტევით პოტენციალსა და შესაძლებლობებს ამცირებს. გოჩოლეიშვილი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია და მალე ალბათ ახალ კლუბში გადავა. რეალურად რომ ვისაუბროთ, ჯერ ადრეა, რათა იგი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატისთვის მზად მივიჩნიოთ, თუმცა შესაძლოა, აინტრახტი იყოს გუნდი, რომელიც მისთვის კარგი ვარიანტი იქნებოდა. ფრანკფურტელებს მარჯვენა ფლანგზე სიღრმე აკლიათ, არადა, სწრაფი შეტევებით სახელგანთქმული არიან. გარდა ამისა, გოჩოლეიშვილის გამოყენება სერია A-სა და ლა ლიგის რამდენიმე კლუბსაც შეუძლიათ. მათთვის ოპტიმალურია, გიორგი მანამ გაიფორმონ, სანამ მისი ფასი მკვეთრად გაიზრდება, რადგან გოჩოლეიშვილი საქართველოს ახალი საფეხბურთო ეპოქის ნაწილი ნამდვილად იქნება“, - წერს Thesoccergoal-ი.
შეგახსენებთ, რომ გოჩოლეიშვილს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 26 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლი გაიტანა.