როცა საუთჰემპტონის მეკარე მამარდაშვილი გგონია - Transfermarkt-ის უხეში შეცდომა
გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ, Transfermarkt-მა 32 წელს გადაცილებული და 21-წლამდე ასაკის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრებები შეადგინა და გულშემატკივრებს ჰკითხა, ამ გუნდებს შორის ვინ გაიმარჯვებდა. ერთი შეხედვით ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა 21-წლამდე ნაკრების მეკარის პოზიციას დავაკვირდებით.
Transfermarkt-მა „საუთჰემპტონის“ გოლკიპერი, გევინ ბაზუნუ გამოარჩია, რომელიც 20 წლისაა და მისი სატრანსფერო ღირებულება 19 მილიონი ევროა. პრობლემა ისაა, რომ ბაზუნუს ნაცვლად „ვალენსიას“ ქართველი კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის ფოტოს ვხედავთ. სოციალური ქსელების მომხმარებლებს ეს ფაქტი არ გამორჩენიათ და Transfermarkt-ს პოსტის ჩასწორებისკენ მოუწოდეს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი 22 წლისაა და Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა. ახლახან, ქართველმა გოლკიპერმა „ვალენსიასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და „ღამურებმა“ მის გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო მიუთითეს.
გეტყვით იმასაც, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, გიორგის 7 მატჩი აქვს ჩატარებული. მამარდაშვილმა კარი მშრალად 2 შეხვედრაში შეინახა და ჯამში 7 გოლი გაუშვა. ბოლოს იგი „ვალენსიასა“ და „ესპანიოლის“ დაპირისპირებაში ვიხილეთ, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა.