ვინ იქნება თოფურიას მომდევნო მეტოქე - ილიას სამომავლო გეგმები
UFC-ის ქართველ მებრძოლს, ილია თოფურიას 30 ოქტომბერს, ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა. ბრაზილიელმა ვეტერანმა ტრავმა მიიღო და ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმა მოუწია, ილია კი მეტოქის გარეშე დარჩა. ახლახან, თოფურიას მენეჯერმა, ლუკაშ ორზელმა „მატადორის“ სამომავლო გეგმები გააჟღერა და პოლონურ პრესასთან საუბრისას საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
„ჩვენ მოვსარ ევლოევისა და ბრაის მიჩელის დაპირისპირებაში სათადარიგო მებრძოლი ვიქნებით. თუ შანსს მივიღებთ, ოქტაგონზე აუცილებლად გავალთ. იგივე მოხდება კატარის შემთხვევაში, რომელიც არნოლდ ალენს ხვდება“.
კელვინ კატარისა და არნოლდ ალენის დაპირისპირება 30 ოქტომბერსაა ჩანიშნული და თუ რომელიმე მათგანმა ტრავმა მიიღო ან უარი თქვა, ოქტაგონზე ილიას ვიხილავთ. ეს ბრძოლა ღონისძიების მთავარი მოვლენაა და თუ „მატადორს“ შანსი მიეცა, ასეთი სტატუსის ჩხუბში პირველად იასპარეზებს. იგივე ხდება ბრაის მიჩელისა და მოვსარ ევლოევის ბრძოლაშიც, რომელიც 6 ნოემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ თოფურიას კარიერაში 12 ბრძოლა აქვს გამართული და არც ერთხელ დამარცხებულა. ილიამ ბოლოს ჯაი ჰერბერტის წინააღმდეგ იჩხუბა და მეტოქე მეორე რაუნდში დაანოკაუტა. ბრიტანელთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, იგი UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-14 ადგილზე დამკვიდრდა.