ბარსელონა, ინტერი, ჩემპიონთა ლიგა
Aa Aa

ინტერი VS ბარსელონა - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „ინტერი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„ინტერი“

სიმონე ინძაგის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად „პლზენი“ ჯეკოს და დუმფრისის გოლებით დაამარცხა და „ბარსელონასთან“ ერთად მეორე/მესამე ადგილს იყოფს.

სერია ა

აქ კი ბევრი პრობლემაა. „ნერაძურიმ“ ბოლო ორი დაპირისპირება წააგო. ჯერ სტუმრად „უდინეზესთან“ 1:3, ხოლო შემდეგ, საკუთარ კედლებში 1:2 „რომასთან“. სატურნირო ცხრილში „ინტერი“ 12 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება და შეიძლება ითქვას „ბლაუგრანასთან“ დაპირისპირებას ცუდ ხასიათზე ხვდება.

დანაკლისი:

ამ მხრივ სიმონე ინძაგის კვლავ პრობლემები აქვს. „ინტერს“ ისევ ვერ ეხმარება რომელუ ლუკაკუ. ასევე ტრავმირებულები არიან ბროზოვიჩი და დალბერტი. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ლაუტარო მარტინესის თამაშიც.

რა თქვა ინძაგიმ მატჩის წინ?

„ლაუტარო მარტინესმა განცალკევებით ივარჯიშა. მას მცირე პრობლემები აქვს, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს თავს კარგად გრძნობთ. ჯერჯერობით არ ვიცი ითამაშებს თუ არა ის. გუნდში არსებული სიტუაციის შეცვლა გამარჯვებების სერიით შეგვიძლია.

ვფიქრობ, „ბაიერნთან“ უსამართლოდ დავმარცხდით. „ბარსელონასთან“ გამარჯვებისთვის საოცარი მონდომება დაგვჭირდება. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი თამაშია, რომელშიც ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.

„ბარსელონა“ მსოფლიოს სამ საუკეთესო გუნდს შორის შედის. ისინი ძლიერ და განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ. ამ მატჩის მნიშვნელობა თითოეულ ჩემს ფეხბურთელს კარგად ესმის. ბარსას ლევანდოვსკი დაემატა, რაც თითქმის დაუმარცხებელს ხდის.“

„ბარსელონა“

მსგავსად „ინტერისა“, კატალონიელებსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 3 ქულა აქვთ და „ნერაძურისთან“ მეორე/მესამე ადგილს იყოფენ. ჩავი ერნანდესის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად მიუნხენის „ბაიერნთან“ 0:2 დამარცხდა.

ლა ლიგა

აქ ყველაფერი იდეალურად მიდის. „ბარსლეონამ“ ლა ლიგის პირველ ტურში „რაიო ვალეკანოსთან“ ქულები დაკარგა, მაგრამ ამის შემდეგ ზედიზედ 6 მატჩი მოიგო. უკანასკნელ ტურში კი „ბლაუგრანამ“ სტუმრად „მალიორკა“ რობერტ ლევანდოვსკის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. თავისი მატჩი ვერ მოიგო „რეალმა“, რომელმაც საკუთარ კედლებში „ოსასუნას“ ვერ აჯობა. ამ შედეგით კი აღნიშნულ კლუბებს 19 ქულა დაუგროვდათ და ესპანეთის ჩემპიონატში 2-ხელისუფლიანობაა.

დანაკლისი:

სანაკრებო პაუზის დროს კატალონიურ გრანდს სხვადასხვა ტრავმების გამო 5 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდა. საუბარი ფრენკი დე იონგზე, ჟიულ კუნდეზე, არაუხოზე, მემფის დეპაიზე და ჰექტორ ბელერინზეა. ამ მხრივ ბარსას სერიოზული პრობლემები აქვს.

რა თქვა ჩავიმ?

„ეს არის „ინტერი“ და ჩვენ ძალიან ძლიერ გუნდს ვუპირისპირდებით. რეალურად მათ ყველა გუნდისგან განსხვავებული სისტემა აქვთ. „ნერაძური“ ორი თავდამსხმელით თამაშობს და ასეთ ფაქტს ესპანეთში იშვიათად თუ ნახავთ. ვფიქრობ, ეს გადამწყვეტი მატჩი არ არის, მაგრამ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.

თუ „ინტერი“ ჩვენთანაც 2 თავდამსხმელით ითამაშებს, ჩვენ ნახევარდაცვას კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ. ასე მოვიქეცით „სოსიედადთან“ მატჩში. გამარჯვება კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას მოგვიტანს. გამარჯვებისთვის 100%-ით დავიხარჯებით.

ლევანდოვსკის ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს, მაგრამ გოლები მხოლოდ მან არ უნდა გაიტანოს. „ბარსელონამ“ გუნდურად უნდა ითამაშოს და სხვა ფეხბურთელებმაც გამოიჩინონ თავი. 2010 წლის ნახევარფინალის შემდეგ, შურისძიების გრძნობა არ მაქვს. მე აქ როგორ მწვრთნელი ისე მოვედი.“

„ბარსელონა“ – „ინეტრი“ 1:0

ამ გუნდების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი 2010 წელს გაიმართა. ბარსა და „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი შეხვედრა იტალიაში გაიმართა და იმ დროს ჟოზე მოურინიოს გუნდმა 3:1 მოიგო. მეორე მატჩი კი მეტად დაძაბული იყო.

მთელი შეხვედრის განმავლობაში კატალონიელები დომინირებდნენ და 81-ე წუთზე პიკემ ანგარიში გახსნა, თუმცა 1-ბურთიანი უპირატესობა საკმარისი არ გამოდგა და ფინალში „ინტერი“ გავიდა. ასევე შეგახსენებთ, აღნიშნული მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბოიან კრკიჩმა გაიტანა, მაგრამ მსაჯის გადაწყვეტილებით გოლი არ ჩაითვალა.

ცნობისთვის, ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 4 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება: