ობამეიანგი: „რონალდო საუკეთესოა, მაგრამ მილანში ცოტა მსუქანი იყო“
ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „მილანში“ გატარებულ პერიოდზე ისაუბრა. გაბონელმა შემტევმა ცნობილი დიალოგი გაიხსენა, რომელიც კარლო ანჩელოტისა და ბრაზილიელ რონალდოს შორის გაიმართა.
„ყოველთვის მემახსოვრება მომენტი, როცა კარლო ანჩელოტიმ რონალდო ფიზიკური კონდიციების გამო გააკრიტიკა და ბრაზილიელმა უპასუხა: „რა გინდა, რომ გავაკეთო, ვირბინო თუ გოლები გავიტანო?“ ანჩელოტიმ უპასუხა: „გოლები გაიტანე“.
მომდევნო შეხვედრაში რონალდომ დუბლი გაიფორმა და ეს თავდამსხმელისთვის დამახასიათებელი თვისებაა. მენტალურად ძლიერი უნდა იყო. მაშინ ვარსკვლავებს შორის ბავშვი გახლდით და ვეცადე, ყველაფერი მესწავლა. რეალობა ისაა, რომ რონალდო ნამდვილად საუკეთესო გახლდათ, მაგრამ მილანში ცოტათი მსუქანი იყო“.
შეგახსენებთ, რომ ობამეიანგი „მილანში“ 2008-11 წლებში ირიცხებოდა და ფრანგულ კლუბებში, „დიჟონში“, „ლილში“ და „მონაკოში“ იყო განათხოვრებული. 2011 წელს, იგი „სენტ ეტიენში“ გადავიდა, საიდანაც„დორტმუნდს“ მიაშურა, შემდეგ კი „არსენალში“ აღმოჩნდა.