ჯუღელი: „ფსიქოლოგიურად, ხვიჩაზე ძალიან დიდი ზეწოლაა“
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტებმა, მამუკა ჯუღელმა და კრისტიან ძაკარდომ „დილის ტალღაში“ სტუმრობისას „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრეს. მამუკა ჯუღელის აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილი დიდი აჟიოტაჟი ფეხბურთელისთვის ფსიქოლოგიური წნეხია.
კრისტიან ძაკარდო: „კვარას სტარტი იტალიის ჩემპიონატში ნამდვილად შთამბეჭდავია. მე პირადად ამ შედეგს ველოდი. მისი თამაშები ნანახი მქონდა, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა. მისმა თამაშმა „ნაპოლიში“ ძალიან დიდი ვარსკვლავად აქცია, რაც ძალიან მახარებს იმიტომ, რომ ამ ტრანსფერში ჩემი წვლილიცაა მამუკასთან ერთად“.
მამუკა ჯუღელი: „ვინც ამბობს, რომ ხვიჩას გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი ფეხბურთელისთვის ზედმეტი ტვირთია, ეს ხალხი მართალია. ფსიქოლოგიურად ხვიჩაზე ძალიან დიდი ზეწოლაა. ჩემი თხოვნა იქნება, თუ ამ ფსიქოლოგიურ წნეხს შეუმსუბუქებენ. ეს ხვიჩასთვის ძალიან კარგი იქნება“.
სერია ა-ს ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე მარკო არნაუტოვიჩია, მის ანგარიშზე 6 გოლია. ჩირო იმობილე, დუშან ვლაჰოვიჩი და ხვიჩა კვარაცხელია 5 გოლით მეორე პოზიციას იკავებენ.
სერია ა-ს საწყისი 8 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს „ნაპოლი“ და „ატალანტა“ 20-20 ქულით ლიდერობენ.
ლუჩიანო სპალეტის გუნდი შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „აიაქსთან“ სტუმრად გამართავს. შეხვედრა 4 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.