ქართული „კლასიკო“ და ბათუმის ფრე - ლიდერებმა ქულები დაკარგეს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში 28-ე ტური სატურნირო ცხრილის ლიდერების თამაშებით დასრულდა.
ბათუმის „დინამო“ ბოლნისში „სიონს“ ესტუმრა და ფრედ, 1:1 ითამაშა. გია გეგუჩაძის გუნდი მილან რადინიმ დააწინაურა. ტაიმის მიწურულს ბათუმელები 10 კაცით დარჩნენ. მეტოქეზე უხეშობის გამო მთავარმა მსაჯმა ირაკლი ბიძინაშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.
რიცხობრივი უპირატესობა მასპინძლებმა მალევე გამოიყენეს და მეორე ნახევრის დაწყებიდან 10 წუთში გი გნაბუიუმ წონასწორობა აღადგინა. 76-ე წუთზე არსენ ნონიკაშვილმა მოედნიდან ამჯერად სიონის ფეხბურთელი, თემურ ბექაური გააძევა და გუნდები ერთმანეთთან თანაბარ პირობებში დარჩნენ, თუმცა დარჩენილ 15 წუთში გეგუჩაძის ფეხბურთელებმა ანგარიშის შეცვლა ვეღარ შეძლეს.
რაც შეეხება მეორე შეხვედრას, აქ გულშემატკივარმა ქართული „ელ კლასიკო“ იხილა. ქუთაისის „ტორპედომ“ ზესტაფონის სტადიონზე თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.
შესაბამისად, 28-ე ტურში ქულები ორივე ლიდერმა დაკარგა და სატურნირო ცხრილში ვითარება კვლავ უცვლელია. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას 61 ქულით კვლავ ბათუმის „დინამო“ ლიდერობს, ერთით ნაკლები ქულა აქვს თბილისის „დინამოს“, რომელიც მეორე პოზიციაზე იმყოფება, მესამე საფეხურზე კი 44 ქულით ქუთაისის „ტორპედოა“.