„გინდა, შეგცვალო?“ - სპალეტის კითხვა და ხვიჩას გოლი 30 წამში
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მორიგი გოლი გაიტანა. ამჯერად, სერია ა-ს მერვე ტურში, „ტორინოს“ შეუგდო. 37-ე წუთზე ზელინსკის პასის შემდეგ კვარაცხელიამ სწრაფი კონტრშეტევა განავითარა და გოლით დაასრულა. ხვიჩას გოლით ანგარიში 3:0 გახდა.
იტალიური ilgiornale ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს:
„გარდამტეხი მომენტი 36-ე წუთზე იყო. სპალეტიმ ჟესტიკულაციით კვარაცხელიას მიმართა და ჰკითხა: „გინდა, შეგცვალო?“. 36-ე წუთამდე კვარაცხელიას ბურთით აქტიურად არ უთამაშია. მისი მხრიდან შეტევების წარმართვის იდეები და ინიციატივები ნულოვანი იყო. 30 წამის შემდეგ კვარაცხელიამ ბურთი მიიღო, 30 მეტრი გაირბინა, საშა ლუკიჩი და კოფი ჯიჯი ჩამოიტოვა და გაიტანა. მან „ნაპოლის'' არაჩვეულებრივ თამაშს, როცა ანგისამ დუბლი შეასრულა, მისი გოლით გვირგვინი დაადო“.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 8 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 5 გოლი, 1 საგოლე პასი და 1 გამომუშავებული პენალტია.
„ტორინოსთან“ მატჩის დაწყებამდე ხვიჩა კვარაცხელიას სერია ა-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს. გამოკითხვა, რომელიც იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ ჩაატარა, ქართველმა ფეხბურთელმა დამაჯერებლად მოიგო. მან ხმათა 69 პროცენტი მიიღო.