ხვიჩა: „ეს მაქსიმუმი არაა, უფრო მეტი უნდა გავაკეთო“
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მორიგი გოლი გაიტანა. ამჯერად, სერია ა-ს მერვე ტურში, „ტორინოს“ შეუგდო. 37-ე წუთზე ზელინსკის პასის შემდეგ კვარაცხელიამ სწრაფი კონტრშეტევა განავითარა და გოლით დაასრულა. ხვიჩას გოლით ანგარიში 3:0 გახდა.
„ტორინოსთან“ მატჩამდე კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების რიგებში ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან ითამაშა. გიბრალტართან მოგებული შეხვედრის შემდეგ კვარაცხელიას მის გარშემო არსებულ დიდ აჟიოტაჟზე ვკითხეთ. იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ უამრავი პუბლიკაცია ქვეყნდება. მის შესახებ იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ცნობილი სახეები, ფეხბურთელები, მწვრთნელები და ჟურნალისტები საუბრობენ. დელ პიეროს, ტიერი ანრისა და ფაბიო კაპელოს დასახელებაც საკმარისია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ფეხბურთელმა სიმშვიდე შეინარჩუნოს და ეიფორიაში არ ჩავარდეს.
არაერთი ქართველი და უცხოელი ფეხბურთელის ცხოვრების წესი და საქმისადმი დამოკიდებულება შეცვლილა, როცა მცირე წარმატების შემდეგ მიღწეულით დაკმაყოფილებულა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ხვიჩას დამოკიდებულება იმ ვითარების მიმართ, რომელიც იტალიაში მისი წარმატებული გამოსვლიდან გამომდინარე შეიქმნა.
კითხვა: „მთელი იტალია, მთელი იტალიური მედია შენს შესახებ საუბრობს. ემოციურად როგორ უმკლავდები შენს გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს?
ხვიჩას პასუხი: „არ ვკითხულობ. ვცდილობ, არ წავიკითხო. კარგია, რომ ჩემზე საუბრობენ, მაგრამ დიდად ყურადღებას აქ ვაქცევ. ამისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ უნდა გავაგრძელო. ჩემი აზრით, ეს არაა მაქსიმუმი, უფრო მეტი უნდა გავაკეთო“.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გასულ თვეში ლევან კობიაშვილმა ისაუბრა. „შალკეს“ ყოფილი ფეხბურთელის აზრით, რომელსაც ბუნდესლიგაში თამაშის უდიდესი გამოცდილება აქვს, ხვიჩა კვარაცხელიას სიმშვიდე და მეტი თავისუფალი დრო სჭირდება.
ლევან კობიაშვილი: „მიხარია, რაც ხვიჩას ირგვლივ ხდება. ცხადია, ეს არამარტო ჩემთვის, როგორც ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელისთვის, არამედ თითოეული ქართველისთვის, თითოეული ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის ბედნიერებაა, თუმცა მე ვისურვებდი და მინდა თითოეულ ქართველს ვთხოვო, ამ ახალგაზრდას იმის საშუალება მივცეთ, რომ განვითარდეს. მესმის, რომ ყველას მასთან კომუნიკაცია გვინდა, თუმცა დღეს ხვიჩას ყველაზე მეტად სიმშვიდე სჭირდება. მას სჭირდება ის დრო, რომელიც ხვალინდელ დღეზე ფიქრის საშულებას მისცემს. მას სჭირდება მეტი თავისუფალი დრო. ვაცადოთ, რომ განვითარდეს და ის უამრავ სიხარულს მოგვიტანს“.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 8 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 5 გოლი, 1 საგოლე პასი და 1 გამომუშავებული პენალტია.
„ტორინოსთან“ მატჩის დაწყებამდე ხვიჩა კვარაცხელიას სერია ა-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს. გამოკითხვა, რომელიც იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ ჩაატარა, ქართველმა ფეხბურთელმა დამაჯერებლად მოიგო. მან ხმათა 69 პროცენტი მიიღო.