„მას კვარადონას ვეძახი“ - ზბიგნევ ბონეკმა ხვიჩაზე ისაუბრა
ლეგენდარულმა პოლონელმა ფეხბურთელმა, ზბიგნევ ბონეკმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „რომასა“ და „იუვენტუსის“ ექს-მოთამაშემ, რომელიც უეფას ვიცე-პრეზიდენტია, „კვარა“ დადებითად დაახასიათა და განაცხადა, რომ „პარტენოპეიმ“ ბრწყინვალე ტრანსფერი გაჩარხა.
„კვარაცხელიასა და კიმის მოსვლა იმის დასტურია, რომ იდეებისა და კომპეტენტურობის წყალობით, შესაძლებელია, ძლიერი გუნდი ცნობილი ფეხბურთელების ტრანსფერების გარეშე ააშენო. პრობლემა ისაა, რომ მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე გვაქვს ინფორმაცია, რომელთა პიარიც მიდის.
კვარაცხელიას „კვარადონას“ ვეძახი. ხვიჩა არის ბიჭი, რომელიც ყოველთვის კარგად თამაშობს და გამორჩეული თვისებები აქვს. ბრაზილიელი, არგენტინელი ან ხორვატი რომ იყოს და სათანადო მენეჯერები ჰყავდეს, რამდენი ეღირებოდა? ფაქტია, ნაპოლიმ კარგი გარიგება დადო, იგი 10 მილიონად რომ შეიძინა და ხვიჩა გუნდს უკეთ თამაშში ეხმარება“.
შეგახსენებთ, რომ 7 ტურის შემდეგ, ხვიჩას „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ადგილს იკავებს და 17 ქულა აქვს. „პარტენოპეის“ მომდევნო გაჩერება „ტორინოა“, რომელსაც 1-ელ ოქტომბერს, საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.