Liverpool.com: „ლივერპულმა დინამო თბილისთან პარტნიორობა უნდა დაიწყოს“
Liverpool.com-ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს და „წითლებს“ მოუწოდებს, ერთ-ერთი ქართული კლუბის აკადემიასთან თანამშრომლობა დაიწყოს. ბრიტანულ გამოცემას საუბარი „დინამო თბილისზე“ აქვს და აცხადებს, რომ საქართველოში სკაუტინგის დაწყება ურიგო გადაწყვეტილება ნამდვილად არ იქნება.
„წარსულში ლივერპულს გენკისა და მტკ ბუდაპეშტის მსგავს გუნდებთან ჰქონდა პარტნიორობა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა და Fenway Sports Group-მა ადრე თუ გვიან, უნდა გარისკოს. მაგალითად, ბრაიტონს სენტ-ჟილუასთან პოზიტიური თანამშრომლობა აკავშირებს, რაც თოლიებს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების აღმოჩენაში დაეხმარა და ბელგიაში განათხოვრებულმა ბრაიტონის მოთამაშეებმაც წარმატებას მიაღწიეს. ბელგიური კლუბი, რომელიც 2 წლის წინ, მეორე დივიზიონში იყო, ახლა ევროპა ლიგაზე ასპარეზობს.
საფეხბურთო სამყაროში არიან კლუბები, რომლებთანაც ლივერპულს შეუძლია, მსგავსი თანამშრომლობა დაიწყოს და მათ შორის ყველაზე საინტერესო დინამო თბილისია. ეს კლუბი საბჭოთა კავშირის დროს ერთ-ერთი საუკეთესო იყო, 80-იან წლებში ბევრად უკეთესი დღეები ჰქონდა და უეფას თასების მფლობელთა თასიც მოიგო. დღესდღეობით, დინამოს ელიტარულ დონეზე დაბრუნება უჭირს, რასაც მის აკადემიაზე ვერ ვიტყვით, რადგან ის ერთ-ერთი საუკეთესოა. აკადემიის გვირგვინში ყველაზე კაშკაშა მარგალიტი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც ლივერპულის ყურადღება ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში გამართულ მატჩში მიიპყრო. მის გარდა, არიან გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ვალენსიაში თამაშობს და ლუკა პარკაძე, რომელიც Guardian-მა 2022 წლის 60 საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტს შორის დაასახელა.
აღზევების გზაზე მყოფი საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთა უმრავლესობა დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია. ახლახან საქართველო ერთა ლიგის B ლიგაში გადავიდა და 11 მატჩია, არ დამარცხებულა. ამ ნაკრებს თვალი აუცილებლად უნდა ვადევნოთ და მათი ვარსკვლავების უმრავლესობა 23-წლამდე ასაკის მოთამაშეები არიან. საქართველოს თავისი სრული პოტენციალისთვის ჯერ არ მიუღწევია.
თუ ლივერპული პარტნიორ კლუბს ეძებს, საქართველოში სკაუტინგის დაწყება და დინამო თბილისთან ოფიციალური პარტნიორობა უნდა განიხილოს, რათა ახალი მარგალიტი იპოვოს. ახალი ხვიჩა კვარაცხელიას აღმოჩენა მაცდური პერსპექტივაა თუ ლივერს მისნაირ ფეხბურთელთან დაპირისპირების თავიდან არიდება ან მისი მანჩესტერ სიტის იმპერიაში აღმოჩენისთვის ხელის შეშლა სურს. დინამო თბილისში ძლიერი საძირკველია და მთავარი გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეყრდნობა. გუნდის საშუალო ასაკი 22 წელია და პირობები ნამდვილად არსებობს, რათა წარმატებას უფრო მეტმა ნიჭიერმა ფეხბურთელმა მიაღწიოს. ლივერპულის მხრიდან, ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება, ყველას აჯობოს და პოტენციურ ოქროს მაღაროსთან თანამშრომლობა დაიწყოს“.
სხვათა შორის, Liverpool.com-ი აცხადებს, რომ „წითლებმა“ „სიტის“ უნდა მიბაძონ, რომელსაც თანამშრომლობა ბევრ კლუბთან აქვს.
ფოტო: დინამო თბილისის აკადემია