„ხვიჩას გადაყვანა ვალენსიას შევთავაზეთ“ - საფეხბურთო აგენტი კვარაზე
ანტონიო ლოპესი საფეხბურთო აგენტია და გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში“ ტრანსფერში დიდი წვლილი შეიტანა. ლოპესმა Onda Cero-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ „მამარდას“ გარდა, „ღამურებს“ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებაც შესთავაზა.
„მე და მარკო ოტერო დეკემბერში, კორონავირუსის პანდემიამდე თბილისში ვიმყოფებოდით. ოტეროს ვუთხარი, რომ ყაზანში ფეხბურთელი თამაშობდა, რომელსაც გარღვევა ჰქონდა და მისი მამა ჩვენ გველოდებოდა. როგორც გაირკვა, მას უფლება არ მისცეს, რადგან აკადემიის დირექტორი იყო და ძირითად გუნდში ძალაუფლება არ ჰქონდა.
მარტში, როცა უკრაინაში ომი დაიწყო, რუსულ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებთან დაკავშირებით, რეგულაციები შემოვიდა და მათ ზაფხულამდე სხვაგან წასვლის უფლება მიიღეს. ვალენსიას ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მისი გადაბირება უსასყიდლოდ შეგვეძლო და ზაფხულში უნდა გადაეწყვიტათ, შეიძენდნენ თუ არა. არ ვიცი, ბორდალასმა მიიღო გადაწყვეტილება თუ ეს ტრანსფერი ვინმე სხვას არ უნდოდა, მაგრამ ფაქტია არაფერი მომხდარა და იგი საქართველოში გადავიდა, სადაც 15 შეხვედრაში ბევრი გოლი გაიტანა და ნაპოლიმ 11 მილიონად გაიფორმა. შეხედეთ, ახლა სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი და ფანტასტიკური მოთამაშეა“.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა სერია A წარმატებით დაიწყო. „კვარამ“ 7 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „რეინჯერსის“ წინააღმდეგ პენალტი მოიპოვა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.