„ბარსას, ვილიარეალს და ბეტისს შევთავაზე“ - საფეხბურთო აგენტი მამარდაზე
ანტონიო ლოპესი საფეხბურთო აგენტია, რომელმაც გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში“ ტრანსფერში დიდი წვლილი შეიტანა. დღეს, იგი Onda Cero-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ „მამარდა“ რამდენიმე ესპანურ კლუბს შესთავაზა.
„მითხრეს, რომ თბილისის ლოკომოტივის რიგებში საინტერესო გოლკიპერი იყო და მისთვის თვალის დევნება დავიწყე. ევროპა ლიგაზე, გრანადასთან გამართული მატჩისას, პირველი ნაბიჯი გადავდგი, მასთან გავისაუბრეთ და მუშაობა დავიწყეთ, რათა ესპანეთში გადაგვეყვანა. ქართველები ფიზიკურად ძლიერები, ელიტური ათლეტები და კონკურენტუნარიანი სპორტსმენები არიან. მათი მთავარი პრობლემა ისაა თუ როგორ შრომობენ და ვარჯიშობენ.
პირველი, რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო, მამარდაშვილის გამარჯვებულის მენტალიტეტი იყო. მსოფლიოში უამრავი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ გამარჯვებულის მენტალიტეტი არც თუ ისე ბევრს აქვს. 19 წლის იყო, როცა გრანადასთან მატჩში ვიხილე და ატლეტიკოს, ბარსელონას, ხირონას, ვილიარეალს, ბეტისს დავუკავშირდი... მაგრამ ყველა მათგანმა მითხრა: „ის ქართველია, ნუ ხუმრობთ“. ძალიან შეწუხებული ვიყავი, რადგან ვხედავდი, რომ მამარდაშვილი ტოპ დონის გოლკიპერი იყო.
პირველი ადამიანი, რომელმაც ყურადღება მომაქცია, ვალენსიას წარმომადგენელი, ხოსე ხიმენესი იყო. მამარდაშვილის ფასი 350 000 ევრო გახლდათ და საბოლოოდ, ტრანსფერი 850 000 დაჯდა, თუმცა ეს ბევრი ნამდვილად არაა. იგი ვალენსიას სათადარიგოთა გუნდში სათამაშოდ გადავიდა, მაგრამ ბორდალასმა უთხრა, რომ ევარჯიშა და ვარსკვლავები მის სასარგებლოდ განლაგდნენ, რადგან ხაუმემ და სილესენმა ტრავმები მიიღეს და ვალენსიას მისი გამწესება მოუხდა. ახალგაზრდული ასაკის გამო, რამდენიმე პრობლემის გამოსწორება მოუწია, მაგრამ მის მიერ მცირე დროში მიღწეული პროგრესით გაოცებული ვიყავი. ვიცოდი, რომ მაღალი დონის მეკარე იყო, მაგრამ მეგონა, წარმატების მისაღწევად უფრო დიდი დრო დასჭირდებოდა“.
შეგახსენებთ, რომ გასული წლიდან მოყოლებული, დღემდე მამარდაშვილმა „ვალენსიას“ შემადგენლობაში 27 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა 11 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა შეძლო. მის ანგარიშზე 27 გაშვებული ბურთია.