ხვიჩა კვარაცხელია, ლეონიდ სლუცკი
Aa
Aa

სლუცკი: მას საზღვარი არ აქვს, კვარასთვის ფეხბურთი დისნეილენდია

„რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და სხვადასხვა მოგონებები გააზიარა.

სლუცკი ხვიჩას ამჟამინდელ ასპარეზობასაც შეეხო:

„რუბინში რომ მივედი, კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდა იყო. ეს ჩემთვის მართლაც დიდი გამოწვევა იყო, რადგან მოვედი გუნდში, რომელიც გადარჩენისთვის იბრძოდა. რაღაც ეჭვი მქონდა - სწორი გადაწყვეტილება, არასწორი გადაწყვეტილება. მაგრამ როცა პირველ ვარჯიშზე კვარაცხელიას შესრულებით რამდენიმე მომენტი ვნახე, ჩემი პირველი აზრი იყო, რომ ეს შესანიშნავი არჩევანია.

არ ვიცოდი, როგორ განვითარდებოდა სიტუაცია გუნდისთვის, გავარდებოდა თუ არა, მაგრამ ვიცოდი, რომ მე მეყოლებოდა ეს ბრილიანტი. იმიტომ, რომ მისი ნიჭის დონე 5 წუთში, ვარჯიშისას შეიძლება გავიგოთ. ძალიან მარტივია. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ძალიან ნიჭიერ მოთამაშეს, მასაც ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული თვისებები, განსაკუთრებული ქცევა.

პირველ ვარჯიშზე იყო ასეთი მომენტი: ერთმა მოთამაშემ ფეხებში ვარდნა შეასრულა, კვარა კი დაეცა და ტირილი დაიწყო. ვფიქრობდი: „შეუძლებელია. პირველი ვარჯიში და საუკეთესო ფეხბურთელს შესაძლოა ტრავმა ჰქონდეს, შესაძლოა ფეხი მოიტეხა, არ ვიცი“.

მაგრამ როდესაც ის ერთი წუთის შემდეგ ადგა და ისე განაგრძო თამაში, თითქოს არაფერი მომხდარა, მე მომიწია ვარჯიში შემეჩერებინა და მეთქვა: „არა, არა, ეს შეუძლებელია. ეს სერიოზული თამაშია, ფეხბურთი კაცის თამაშია და თუ ამისთვის მზად არ ხარ, თუ ბიჭი ხარ და არა კაცი, ეს არ არის კარგი“.

მასთან უცნაური სიტუაცია იყო: ტკივილს ვერ იტანდა. აბსოლუტურად. ყოველი დარტყმა - და ის იწყებდა ტირილს. ეს იყო პირველი.

მეორე ფეხბურთს ეხება. მან არ იცოდა როგორ გამოეყენებინა თავისი საუკეთესო თვისებები. თავისუფალი სივრცე ჰქონდა თუ არა, იმწამსვე წინ მიიწევდა. ათ მოთამაშეს დრიბლინგს უკეთებდა, ხუთს, ერთს - მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა.

კიდევ ერთი პრობლემა იყო ის, რომ იგი ყოველთვის ცდილობდა თავიდან აეცილებინა კონტაქტები, თავიდან აეცილებინა დარტყმები. ესეც დიდი პრობლემა იყო. რადგან თუ თქვენ გაქვთ ასეთი ფანტასტიკური დრიბლინგი, ასეთი ფანტასტიკური თვისებები, ეს ნიშნავს, რომ ფეხებში ხშირად მოგხვდება. და ის ცდილობდა თავიდან აეცილებინა ეს სიტუაციები - მაგალითად, ადრე იწყებდა დრიბლინგს.

მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე მესმოდა ორი რამ: პირველი, ვიმუშავებ ბრწყინვალე მოთამაშესთან, ფეხბურთელთან, რომლის ნიჭს საზღვარი არ აქვს, მოთამაშეს, რომელსაც შეუძლია გაუმჯობესება და სამოთხემდე ასვლა. მეორეც, თუ ღმერთმა ერთი რამ მოგცა, სხვას არ მოგცემს.

ხვიჩა მშვიდად ვერ იყო, ტკივილს ვერ უძლებდა, ცდილობდა კონტაქტები აერიდებინა - ეს მინუსებია. კვარაცხელიასთვის იყო სპეციალური საწვრთნელი პროცესი, ბევრი ვისაუბრეთ, ინდივიდუალური ტაქტიკური მეცადინეობები გვქონდა. ვცადე ვარჯიშიდან გამომეყვანა, როცა ტირილს იწყებდა.

მას ბავშვივით უყვარს ფეხბურთი - ეს მის დისნეილენდს ჰგავს. და თუ ტირილს დაიწყებთ, ვარჯიშს დაანებებთ თავს, დისნეილენდში აღარასოდეს მოხვდებით.

ეს იყო დიდი სამუშაო - არა მხოლოდ ფეხბურთის მოედანზე, რადგან მას აქვს ნიჭი - 100%. მამამისს ვიცნობ, ძალიან განავითარა, დრიბლინგის, ინდივიდუალური თვისებები მიანიჭა. მაგრამ თუ ვსაუბრობთ ხასიათზე, სიტუაციებზე, რომლებშიც შეგიძლიათ მისი თვისებები მაქსიმალურად გამოიყენოთ, მაშინ ბევრი სამუშაო იყო გასაკეთებელი.

და კვარას ძალიან მადლობელი ვარ, რადგან ძალიან კარგად ვურთიერთობდით, ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. და ყოველ ვარჯიშზე ვუხსნიდი მას ყველაფერს კონტაქტების შესახებ, ტრავმებზე, ტკივილზე, მოთმინებაზე, ხასიათზე, იმაზე, თუ როგორ გამოვიყენო საუკეთესოდ მისი თვისებები. და ვფიქრობ, თუ ახლავე ჰკითხავთ ლუჩანო სპალეტის ხვიჩას სისუსტეების შესახებ - ის პირველ რიგში დაცვაში თამაშზე ისაუბრებს.

ახლა ის სამჯერ უფრო ძლიერია ამ მხრივ, ვიდრე მაშინ, როცა მუშაობა დავიწყეთ. რადგან მაშინ მისი დაცვითი უნარები ნულის ტოლი იყო. ახლა მას შეუძლია ზონის კონტროლი, გადაადგილება, ზოგჯერ ვარდნების შესრულება. და რაც მთავარია, ახლა, მისი ყოველი გადაწყვეტილება სწორია. ყველა სიტუაციაში. ის კარგად ინახავს ბურთს და ახლა სულ სხვა დონეზეა, როგორც ფეხბურთელი.

ყველა მატჩს ვუყურებ, ყოველი თამაშის შემდეგ ვსაუბრობთ - ტელეფონით ან ესემესებით და ვცდილობთ გავაანალიზოთ ყველა სიტუაცია. რა თქმა უნდა, ლუჩიანო მისი უფროსია, მაგრამ მე ჩემი მხრიდან ვცდილობ მას დავეხმარო“.

- განაცხადა „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ეს წესი შემოვა, ძალიან გამიხარდება“ - ხვიჩა არაევროკავშირელის სტატუსის მოხსნაზე
„თუ ეს წესი შემოვა, ძალიან გამიხარდება“ - ხვიჩა არაევროკავშირელის სტატუსის მოხსნაზე