ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური
Aa
Aa

„დინამიტი, გენიოსი და ქართული კედელი“ - IJF მაისურაძეზე და ბექაურზე წერს

6 ოქტომბერს, უზბეკეთში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება და ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა გვერდმა ფავორიტებზე ისაუბრა. IJF-მა ამჯერად -90 კილოგრამ წონით კატეგორიაზე დაწერა და ლაშა ბექაურზე და ლუკა მაისურაძეზე ვრცლად ილაპარაკა.

„ახლა ისეთი ვითარებაა, რომ ამ წონით კატეგორიას რაღაც სხვა უნდა ერქვას. ქართული კოქტეილი, ქართული კედელი ან რამე სხვა, ოღონდ მასში სიტყვა ქართული აუცილებლად უნდა ერიოს. მსოფლიო ჩემპიონატზე ამ პატარა ქვეყანას ოქროს მედლის ორი კანდიდატი ეყოლება. ლუკა მაისურაძით დავიწყოთ. ევროპის ჩემპიონით, რომელმაც ტურნირი ისე მოიგო, პირველი შეხვედრიდან ფინიშამდე, ყველას გადაუფრინა, თავისი დონის მეტოქე ვერ იპოვა და კარგად შესრულებული სამუშაოს გამო, ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური ღიმილიც გვაჩუქა. იგი კონკურენტუნარიანი, მტკიცე და მომთხოვნი ადამიანია და ჰგავს ყველას და ყველაფერს, რაც საქართველოდან მოდის. აი, მეორე კანდიდატს რაც შეეხება, ის ნამდვილი დინამიტია.

ერთ წელზე მეტხანს მოგვიწია ლოდინი, რათა ლაშა ბექაური საქმეში გვენახა. ტოკიოს ოლიმპიურ ჩემპიონს დიდი ხანი გაუცდა და რამდენიმე კვირის წინ, იგი ევროპულ თასზე ვიხილეთ, რათა თავისი კონდიციები და ფორმა გამოეცადა. რა თქმა უნდა, მან ოქროს მედალი დაისაკუთრა. ბექაური გენიოსია და ამ კატეგორიაში საუკეთესოა. მისმა არყოფნამ შექმნა ქაოსი, რომლითაც ბევრმა ვერ ისარგებლა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ვითარება სათავისოდ გამოიყენეს. ასაკიდან, სტილიდან, ტექნიკიდან და ტალანტიდან გამომდინარე, ბექაური, მაისურაძე და ალბათ, კოსუკე მაშიიამა ამ წონითი კატეგორიის მთავარი სახეები არიან, ვეტერანებს კი ბევრი აღარაფერი აქვთ სათქმელი. ეს სამეული ტურნირის რიტმს დააწესებს და დაამტკიცებს, რომ არაფრის ეშინია. ბექაური ვარსკვლავია პოსტერებზე. მაისურაძე საქართველოს სათადარიგო გეგმაა და თუ მოვლენები იდეალურად განვითარდა, ისინი ფინალამდე ერთმანეთს არ შეხვდებიან, მაშიიამა კი იაპონიის იმედია და კარგ დღეს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია“, - წერს IJF.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე 85 ქვეყნის 564 წარმომადგენელი გამოვა. საქართველო 11 სპორტსმენით წარდგება და ტატამიზე 9 ვაჟსა და 2 გოგონას ვიხილავთ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კოკა-კოლა, პეპსი და საოცარი ბიჭუნა“ - IJF-მა ქართველ ძიუდოისტებზე დაწერა
„კოკა-კოლა, პეპსი და საოცარი ბიჭუნა“ - IJF-მა ქართველ ძიუდოისტებზე დაწერა