11-მატჩიანი წაუგებელი სერია და ახალი რეკორდი - საქართველოს რთული გამარჯვება აუთსაიდერთან
ერთა ლიგის 2022 წლის სეზონის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა დასკვნითი, მე-6 შეხვედრა სტუმრად გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დამაჯერებლად 2:1 დაამარცხა.
ეს შეხვედრა გამორჩეული რამდენიმე კუთხით იყო. პირველი იმით, რომ გამარჯვების შემთხვევაში ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგის C დივიზიონში ოთხ პირველადგილოსანს შორის საუკეთესო შედეგს დააფიქსირებდა და უკვე გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალს საკუთარ მოედანზე ვითამაშებთ. მეორე - გურამ კაშიამ ეროვნული ნაკრების მაისურით საიუბილეო, მე-100 თამაში ჩაატარა და ამით ის ლევან კობიაშვილს და ჯაბა კანკავას გაუთანაბრდა, რომლებმაც ასევე 100-100 შეხვედრა ითამაშეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და მესამე - ვილი სანიოლმა აქამდე ზედიზედ 10-მატჩიანი წაუგებელი სერია დააგროვა და ამით თემურ ქეცბაიას რეკორდი გაიმეორა, დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში კი ეს სერია 11-მდე გაიზრდებოდა, რაც უკვე ახალი რეკორდი იქნებოდა.
რაც შეეხება თამაშს, თუ დასკვნით 15-20 წუთს არ ჩავთვლით, ის თავიდან-ბოლომდე ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და მეტოქის კართან მრავალი საგოლე ეპიზოდი შეიქმნა. თუმცა, უნდა აღინიშნოს თამაშის დასკვნით ნაწილში გიბრალტარის კარგი თამაში, რაც ცოტა არ იყოს გასაოცარიცაა. მასპინძლებმა ამ პერიოდის განმავლობაში აშკარად აანერვიულეს როგორც ქართველი ფეხბურთელები, ისე გულშემატკივრები, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა.
პირველი ტაიმში ჩვენს გუნდს არაერთი გოლის გატანა შეეძლო. მე-15 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ბუდუ ზივზივაძე მეკარესთან პირისპირ, დასარტყმელზე დატოვა, თუმცა ამ უკანასკნელის დარტყმა ოდნავ სუსტი გამოდგა და ბანდას ბურთის აღება არ გასჭირვებია.
ზუსტად 4 წუთში ხვიჩა კვარაცხელიას მეტოქის საჯარიმოში აქტიურობას თამაშის წესების დარღვევა მოჰყვა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიანიშნა. პენალტი თავად კვარაცხელიამ შეასრულა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.
ტაიმის მიწურულს გიბრალტარმა ერთ-ერთი იშვიათი შეტევა შემოგვთავაზა. კუთხურიდან გათამაშებული კომბინაცია საბოლოოდ გიორგი ლორიას კარის ჩარჩოსკენ დარტყმით დასრულდა და ჩვენმა ვეტერანმა მეკარემ მეტოქის ფეხბურთელებს ორ ეპიზოდში არ მისცა გატანის შესაძლებლობა. აღნიშნული ეპიზოდი ლორიას ტრავმის ფასადაც დაუჯდა და მეორე ტაიმის სტარტზე მის მაგივრად მოედანზე გიორგი მამარდაშვილი გამოჩნდა.
მეორე ნახევარი ქართველმა ფეხბურთელებმა აქტიურად დაიწყეს, რასაც 48-ე წუთზე გიბრალტარის კარში მეორე გოლი მოჰყვა. მოედნის ცენტრში კარგად გათამაშებულ ბურთს ანზორ მექვაბიშვილის საგოლე პასით და გიორგი წიტაიშვილის გოლით დასრულდა.
75-ე წუთზე გიბრალტარმა ქართველი გულშემატკივრების ანერვიულება შეძლო. სტანდარტული სიტუაციიდან ჩაწოდებულ ბურთს საჯარიმოში ანესლი გამოეხმაურა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. თავდაპირველად, ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, თუმცა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მთავარმა მსაჯმა ბურთი ჩათვალა.
დარჩენილ დროში სანიოლის გუნდს შეტევების ორგანიზება გაუჭირდათ, საპასუხოდ კი მეტოქემ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შეგვიქმნა. ეს გარკვეულწილად მოედნიდან ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლამაც განაპირობა, თუმცა გაშვებული გოლის შემდეგ ჩვენი გუნდის ყურადღება ძირითადად დაცვისკენ გადავიდა.
მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, თუმცა უოლკერის შორეული გასროლა გიორგი მამარდაშვილმა კარის ხაზზე გააქვავა.
საბოლოოდ, შეხვედრა 1:2 დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.
სანიოლის გუნდმა 6 ტურის შემდეგ 5 მოგებით და 1 ფრით სატურნირო ცხრილში 16 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა, რაც ოთხივე ჯგუფში საუკეთესო მაჩვენებელია.