ყველაზე ახალგაზრდა გუნდები ტოპ 5 ლიგაში - მამარდაშვილის ვალენსია პირველია
CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ ახალი კვლევა გამოაქვეყნა და მიმდინარე სეზონის ყველაზე ახალგაზრდა გუნდები დაასახელა. ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში პირველ ადგილს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ იკავებს. „ღამურების“ საშუალო ასაკი 23.99 წელია.
მეორე ადგილზე „შტუტგარტი“ იმყოფება - 24.22. მესამე „საუთჰემპტონი“ გახლავთ - 24.4, მეოთხე „არსენალი“, - 24.43, ხოლო ხუთეულს „ლეჩე“ ასრულებს - 24.56. საინტერესოა, რომ „ვალენსიაში“ მიმდინარე სეზონში ნათამაშები წუთების 25 პროცენტი 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელებზე მოდის, 57.3 პროცენტი - 22-დან 25 წლამდე ასაკის ფეხბურთელებზე, 13.4 – 26-დან 29-მდე, ხოლო 4.3 – 30-ის ან უფრო დიდი ასაკის მქონე მოთამაშეებზე.
CIES-ის კვლევის შედეგებს ესპანური გამოცემა, Superdeporte ეხმაურება და წერს: „ბევრი სეზონი იყო, რომლებშიც ვალენსია ამ რეიტინგის წამყვან პოზიციებს იკავებდა. გუნდის ლიდერების, გიორგი მამარდაშვილის, უგო გილამონის ან იუნუს მუსას აღზევებამ გაახალგაზრდავა ვალენსია, რომელსაც სხვა პერსპექტიული მოთამაშეებიც ჰყავს. ახალი ვალენსიას ერთ-ერთი მთავარი სახე სწორედ გიორგი მამარდაშვილია, თუმცა მუსაც არ უნდა დავივიწყოთ. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ღირებულება 10-დან 25 მილიონ ევრომდე გაიზარდა, მამარდაშვილი კი 20 მილიონადაა შეფასებული“.
შეგახსენებთ, რომ „მამარდამ“ ერთა ლიგაზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან 6 სეივი მიითვალა.