„დონჩიჩის მსგავსად კლუბის ბედის შეცვლა შეუძლია“ - Tuttonapoli-ი ხვიჩაზე
იტალიური გამოცემა, Tuttonapoli-ი „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს. Tuttonapoli-ი „კვარას“ მიერ „პარტენოპეიზე“ მოხდენილ გავლენაზე გვესაუბრება და საინტერესო შედარებას გვთავაზობს.
„მხოლოდ რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა, როცა პატარა და უცნობი ჩემპიონატიდან გადმოსულ ფეხბურთელს სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი გავლენა ჰქონია. თბილისელმა ბიჭუნამ პროგნოზები და შეხედულებები, რომლებიც ნაპოლის მიმდინარე სეზონისადმი არსებობდა, რადიკალურად შეცვალა.
კვარაცხელიას მიერ ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ იგი ერთ-ერთია, რომელსაც კლუბის ბედის შეცვლა შეუძლია. ისე, როგორც ეს ამერიკულ სპორტში ხდება. იგი ლუკა დონჩიჩია, რომელიც დალასში მივიდა და მავერიქსი ამბიციურ გუნდად აქცია.
კვარაცხელიას აქვს რაღაც, რასაც სტატისტიკა ვერ ასახავს. მილანთან მატჩის ბედი სწორედ მან გადაწყვიტა. არადა, ტაბლოზე მისი გვარი არ გამოჩენილა. იგივე მოხდა გლაზგოში, რეინჯერსთან მოგებულ შეხვედრაში. კვარაცხელია განსაკუთრებულია. ზუსტად ისე, როგორც მისი გვარი, რომლის წარმოთქმაც გამოცდას წარმოადგენს“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და დღეს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება.