ქეცბაიას საჩუქარი საქართველოს - კვიპროსმა საბერძნეთი დაამარცხა
უეფას ერთა ლიგის C ლიგის მე-2 ჯგუფის მე-5 ტურში თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო მატჩი საბერძნეთის ნაკრებთან გამართა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მე-18 წუთზე მარინოს ციონისმა გაიტანა.
ბერძნებთან მატჩი როგორც კვიპროსისთვის, ისე საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან ისინი ერთა ლიგაზე ჩვენს პოტენციურ მეტოქედ მოიაზრებიან. გუსტავო პოიეს გუნდს ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული აქვს და ამ დრომდე უდანაკარგოდ იყო, შესაბამისად, ბერძნები ერთა ლიგის 4 ჯგუფის ლიდერებს შორის გვასწრებდნენ.
ახლა კი მდგომარეობა შეიცვალა. 5 ტურის შემდეგ საბერძნეთის ნაკრებს 4 მოგება, 1 წაგება და 12 ქულა აქვს, საქართველოს ნაკრებს კი 4 მოგებით და 1 ფრით 13 ქულა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ საბერძნეთის გარდა ვუსწრებთ ყაზახეთის ნაკრებსაც, რომელთანაც მართალია თანაბარი ქულა გვაქვს, მაგრამ ბურთების შეფარდებით საგრძნობლად ვჯობნით (8:3-ზე ყაზახეთს, 14:2-ზე საქართველოს). თანაბარი, 13 ქულა გვაქვს თურქებთანაც, თუმცა ჩვენი მეზობლებს ბურთების შეფარდების ოდნავ უკეთესი მაჩვენებელი აქვს - 17:3-ზე.
ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება. საქართველოს ნაკრები 26 სექტემბერს გიბრალტარს შეხვდება, თურქები კი 25 სექტემბერს ფარერების კუნძულებს ესტუმრებიან. კარგი ისაა, რომ თუ თურქები გამარჯვებას მოახერხებენ, შემდეგ ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული და გვეცოდინება მეტოქეს რამდენი ბურთის სხვაობით უნდა მოვუგოთ. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ ჩვენმა გუნდმა ფლეი-ოფის ორივე მატჩი, ნახევარფინალიც და ფინალიც საკუთარ მოედანზე ჩაატაროს.