ევროპის ჩემპიონატი რაგბიში - საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ტიტულის დაცვას შეეცდება
2022 წლის 1-იდან 10 ოქტომბრამდე, საქართველო 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირში ტრადიციულად 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ის ფლეი ოფის სისტემით გაიმართება. შეხვედრები თბილისში „რაგბი პლატოსა“ და რუსთავში „ხარები არენაზე“ ჩატარდება. მონაწილე გუნდები არიან: საქართველო, პორტუგალია, ესპანეთი, ბელგია, ნიდერლანდები, რუმინეთი, გერმანია და ჩეხეთი.
საქართველო ტიტულის დაცვას 1/4-ფინალში ჩეხეთთან მატჩით იწყებს. შეხვედრა 2 ოქტომბერს, „ხარები არენაზე“ 16:15 საათზე დაიწყება. ამავე დღეს, რუსთავში, ესპანეთი რუმინეთს 12:45 საათზე ეთამაშება, ხოლო „რაგბი პლატოზე“ პორტუგალია გერმანიას (11:00) და ბელგია ნიდერლანდებს (14:30) შეხვდება. 5 ოქტომბერს დამარცხებული გუნდები მე-5 ადგილის, ხოლო გამარჯვებულები თასის ნახევარფინალებს გამართავენ. საქართველო გამარჯვების შემთხვევაში ბელგია-ნიდერლანდების წყვილს შორის უკეთესს „რაგბი პლატოზე“ 16:15 საათზე ერკინება. ფინალები 9 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
„პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საქართველო 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ აქვს შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს წარმომადგენლობით ტურნირებს და ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში სტუმრად ჩამოსული შვიდივე ქვეყნის გუნდი, კმაყოფილი დარჩება როგორც სავარჯიშო და სათამაშო პირობებით, ასევე ზოგადად საორგანიზაციო კუთხით და ქართული მხარის მასპინძლობით“. „ჩვენი ქვეყნისთვის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა არის დამატებითი შესაძლებლობა, რაგბი გავხადოთ კიდევ უფრო პოპულარული ახალგაზრდებში, ნაკრების წევრებს კი, ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი ოჯახის წევრებისა და მეგობრების წინაშე წარმატებით დაიცვან ევროპის ჩემპიონის ტიტული“ – განაცხადა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა.
„მსგავსი ტურნირების მასპინძლობა ძალიან კარგია, რადგან ეს ხელს უწყობს რაგბის პოპულარიზაციას, რაც გულისხმობს მეტ მორაგბეს, მეტ კლუბს და ამით იზრდება ჯანსაღი კონკურენცია. რაც უფრო მეტი მაღალი დონის მოთამაშე გვეყოლება, მით უკეთესი იქნება ჩვენი ნაკრებების თამაშის ხარისხი. ასევე, ბიჭებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ითამაშონ, რაც ზრდის მათ მოტივაციას. ეს არის დიდი ბედნიერება მშობლებისთვის, რადგან მათ ეძლევათ შესაძლებლობა უქომაგონ შვილებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ღირსებას დაიცავენ. სამშობლოში თამაში ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას და ტიტულის დაცვასთან ერთად ვეცდებით, რომ გულშემატკივარი ხარისხიანი, სანახაობრივი თამაშებით გავახაროთ“ – დაამატა 18-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა.
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი რაგბი ევროპამ 2004 წელს დააარსა და თავდაპირველად მასში ექვსი ერის ქვეყნებიც მონაწილეობდნენ. ჩემპიონის ტიტული ყველაზე მეტჯერ – 8-ჯერ საფრანგეთმა მოიპოვა (2004, 2007, 2008, 2009, 2010, 2015, 2016, 2017), 5-ჯერ ინგლისმა (2005, 2006, 2012, 2013, 2014), ერთხელ ირლანდიამ (2011) და 3-ჯერ საქართველომ. 2015 წელს, ირლანდიისა და იტალიის დამარცხების შემდეგ, საქართველო ფინალში პირველად გავიდა, რის შემდეგაც ტურნირი საფრანგეთის გარდა ექვსი ერის ყველა ქვეყანამ დატოვა (ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია).
2015-2018 წლებში, ფინალში საქართველო საფრანგეთს ეთამაშებოდა და მეოთხე ცდაზე მეტოქე 8:3 დაამარცხა, რითაც პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. მას შემდეგ ტურნირი საფრანგეთმაც დატოვა, საქართველო კი 2021 წელს ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი (2019 წელს ფინალში ესპანეთი 20:10 დაამარცხა; 2020 წელს ტურნირი კოვიდ პანდემიის გამო არ ჩატარდა; 2021 წელს პორტუგალია 27:0 დავამარცხეთ). ყველაზე მეტჯერ, 7-ჯერ, რაგბი ევროპის ჩემპიონატს საფრანგეთმა უმასპინძლა, 4-ჯერ იტალიამ, 2-ჯერ პოლონეთმა და თითო-თითოჯერ ესპანეთმა და პორტუგალიამ.
ბოლო ორი ტურნირი კალინინგრადში ჩატარდა (2019, 2021), თუმცა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების გამო, რუსეთი ყველა სპორტული ორგანიზაციიდან მოიკვეთა და მათ საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა, კლუბებს და ნაკრებ გუნდებს კი ამ ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალათ. მსოფლიო რაგბსა და რაგბი ევროპასთან შეთანხმებით, წელს 18-წლამდელთა 8-გუნდიან ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს, რადგან მას ტურნირების მაღალ დონეზე მასპინძლობის გამოცდილება და შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვს.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური