„დიდებული შოუ შექმნა“ - იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
„ნაპოლის“ ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ს სპორტული დეპარტამენტის მთავარმა რედაქტორმა ვალტერ დე მაჯომ „პარტენოპეის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გადაცემა Radio Goal-თან ისაუბრა:
„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ სკაუტებთან ერთად შესანიშნავად იმუშავა. ხვიჩა კვარაცხელიასა და კიმ მინ-ჯაეს სახით „ნაპოლიში“ ორი უმაღლესი დონის მოთამაშე მოიყვანეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე თვისებები გამოავლინა. დიდებული რაღაცები შექმნა, ენცო ფრანჩესკოლისაც კი შეადარეს. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საწყის ეტაპზე დიდებული შოუ შექმნა და ვნახეთ მისი სიძლიერე“.
ხვიჩას შესახებ „ბრეშას“ სპორტულმა დირექტორმა ჯორჯო პერინეტიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სერია ა-ს კლუბების ასაკობრივ გუნდებში ფეხბურთელებს დრიბლინგის განხორციელების უფლებას არ აძლევენ, დრიბლინგს შეცდომად უთვლიან, ხვიჩა კი ამ თვისებით ყველასგან განსხვავებულია.
„წლებია იტალიაში დრიბლინგი არ გვინახავს. ახალგაზრდულ გუნდებში დრიბლინგს შეცდომად აღიქვამენ. ეს არის გაღებული მსვერპლი, რადგან უპირატესობას შედეგს ანიჭებენ და ტექნიკურ მხარეზე არ ზრუნავენ. კვარაცხელიას აღტაცებაში მოჰყავს ქომაგები მისი შესაძლებლობებით, სისწრაფითა და დრიბლინგით“.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა.