ტურის საუკეთესო სეივი! - La Liga-მ მამარდა გამოარჩია
ლა ლიგამ, მე-6 ტურში გიორგი მამარდაშვილის სეივი ტურის საუკეთესო მოგერიებად დაასახელა. ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ Youtube-არხზე ბოლო ტურის Top 5 სეივების კრებული გამოქვეყნდა, სადაც პირველ ადგილს „ვალენსიას“ ქართველი მეკარე იკავებს.
აღნიშნული ეპიზოდი „ღამურებისა“ და „სელტას“ მატჩის მიმდინარეობისას, 72-ე წუთზე იყო. ქართველმა მეკარემ ეფექტური ნახტომით და რეაქციით საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
„მამარდამ“ ისეთი მეკარეები ჩამოიტოვა უკან, როგორებიც არიან ჯერემიას ლედესმა (კადისი), დავიდ სორია (ხეტაფე), ტიბო კურტუა (რეალი), აგუსტინ მარჩესინი (სელტა).
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ექვსივე მატჩში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, ორ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.
„ვალენსიამ“ ექვს ტურში 9 ქულა დააგროვა, 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა. მე-7 ტურში „ღამურები“ „ესპანიოლს“ სტუმრად შეხვდებიან, ეს შეხვედრა 2 ოქტომბერს გაიმართება.