“აქ ჩავის გამო გადმოვედი“ - კუნდე ბარსელონაში ტრანსფერზე
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საგა ჟიულ კუნდე იყო. ფრანგი უკანახაზელის გადაბირებით ლონდონის „ჩელსი“ და „ბარსელონა“ ინტერესდებოდნენ. საბოლოოდ კუნდე „ბლაუგრანაში“ წავიდა და L’EQUIPE-თან ამის მიზეზებზე ისაუბრა.
კუნდე:
„პირველ რიგში, მე უდიდეს კლუბში გადავედი. ჩავერთე პროექტში, რომელსაც რეკონსტრუქციას ვერ დავარქმევ, რადგან უკვე საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს. ჩვენი მიზანი „ბარსელონას“ იქ დაბრუნებაა, სადაც იმსახურებს. ამ გუნდმა უამრავი ტიტული უნდა მოიგოს.
არჩევანის გაკეთებამდე ჩავის ვესაუბრე. სალაპარაკო თემა ძირითადად ფეხბურთს ეხებოდა. ერნანდესმა თავდაჯერებულობა შემმატა. საკუთარი თავი სხვანაირად დავინახე და ახალი თვისებები აღმოვაჩინე. ჩავიმ მითხრა, რომ ჩემი სათამაშო სტილი მის ტაქტიკას შეესაბამებოდა და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.
„ბარსელონა“ არის გუნდი, რომელიც მაღალ პრესინგს თამაშობს და ბევრს დარბის. მან ამ სისტემაში დამინახა და ჩემი მომავალი ბარსას დავუკავშირე. მე ტომას ტუხელიც დამიკავშირდა და ვესაუბრე, თუმცა ჩავი უფრო დამაჯერებელი იყო და მისმა ლაპარაკმა გადაწყვეტილება მიმაღებინა.“
კუნდე „ბარსელონაში“
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფრანგი „ბლაუგრანას“ მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „სევილიადან“ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში, კუნდემ „ბარსელონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 5-ჯერ მოირგო და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.