რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთეს
რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრები ტაშკენტში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს. მსოფლიო ძიუდოს ფედერაციის მიერ მიღებული შეზღუდვების გათვალისწინებით რუსი სპორტსმენები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მიღმა დარჩებიან.
IJF-ის ამ გადაწყვეტილებას უკრაინის ძიუდოს ფედერაციის ზეწოლაც განაპირობებს. უკრაინული მხარე აქტიურად იმუქრებოდა, რომ მსოფლიო პირველობაზე რუსეთის ნაკრების დაშვების შემთხვევაში, ისინი ტურნირს ბოიკოტს გამოუცხადებდნენ. უკრაინის ნაკრებმა მსგავს მეთოდს უკვე მიმართა ულან-ბატარის გრანდ სლემზე, როდესაც IJF-მა შეჯიბრზე რუსი ძიუდოისტები დაუშვა.
რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადებოდა და ტურნირზე ფურორის მოხდენას გეგმავდა, თუმცა ცოტა ხნის წინ მათ მსოფლიო ძიუდოს ფედერაციიდან ოფიციალური წერილი მიუვიდათ, რომელშიც საუბარი იყო ტურნირიდან რუსი ძიუდოისტების დისკვალიფიკაციის შესახებ.
ადგილობრივ პრესაში ცნობილი ძიუდოისტის და ოლიმპიური პრიზიორის, ალექსანდრ მიხაილინის კომენტარიც ვრცელდება.
რას ამბობს მიხაილინი:
მინდა გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია სიცრუე არ არის. ნაკრების წევრებს ვესაუბრე და მათ დამიდასტურეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ გავემგზავრებით. წარმოდგენაც არ მინდა რას გრძნობენ ბიჭები, ისინი ხომ ამდენს ემზადებოდნენ. მონღოლეთში გამართულმა ტურნირმაც დაადასტურა, რომ ისინი ძალიან კარგ ფორმაში არიან
ეს ჩემპიონატი რუსული ძიუდოსთვის ფურორი უნდა ყოფილიყო, თუმცა საქმეში პოლიტიკა ჩაერია. თვით პიერ დე კუბერტენიც კი ამის წინააღმდეგი იყო, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა აღრეულიყო, თუმცა, როგორც ჩანს თომას ბახი სხვაგვარად ფიქრობს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, IJF-მა რუსი სპორტსმენები ყველა ტურნირიდან მოკვეთა. მოგვიანებით, რუსეთის ნაკრებს ასპარეზობის უფლება ივნისში, ულან-ბატარის გრანდ სლემზე მისცეს, რასაც უკრაინის ძიუდოისტთა ნაკრების ბოიკოტი მოყვა.