საბა საზონოვი
Aa
Aa

საბა საზონოვის მამა: საბას არავისთვის უღალატია, მან ერთ-ერთი სამშობლო აირჩია

როგორც ცნობილია, სანქტ-პეტერბურგში დაბადებულმა 20 წლის მცველმა, საბა საზონოვმა რუსეთის ნაკრების მაგივრად, საქართველოს ნაკრებში თამაში აირჩია. 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ახალგაზრდა ფეხბურთელი შეკრებაზე გამოიძახა და ის გუნდს უახლოეს დღეებში დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრებში დაეხმარება.

საზონოვის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა რუსეთში და ის არჩევნის საქართველოზე გაკეთების გამო გააკრიტიკეს და ბევრმა მას მოღალატეც უწოდა

რუსულმა სააგენტო Sport24-მა ცოტა ხნის წინ საბას მამასთან, ანდრეი საზონოვთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის თავისი შვილის გადაწყვეტილებაზე საუბრობს.

რას ამბობს ანდრეი საზონოვი:

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საბა არასდროს დათანხმებულა რუსეთის ნაკრებში თამაშს. რაზეც ახლა მოსკოვის „დინამოს“ წარმომადგენლები საუბრობენ, არის სრული სიცრუე. ის არასდროს ყოფილა გამოძახებული რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში.

საბას რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტი უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან. აქ საუბარი იყო პასპორტის და ვიზების თემაზე, მეტი არაფერი. ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებაზე საუბარი არ ყოფილა. მათგან მსგავსი შემოთავაზება არასდროს ყოფილა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პირველმა გამოიჩინა ინიციატივა და ის ნაკრებში მიიწვიეს. მათმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ გუნდში საბას ხილვა სურდათ, ეს კი საკმაოდ დიდი ხნის წინ მოხდა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთის მხრიდან გამოძახება არასდროს ყოფილა. ისინი მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც საბამ საქართველოში თამაში გადაწყვიტა. ამის გამო, რუსეთის ნაკრების დღევანდელ მიწვევაზე უარი ვთქვით.

რაც შეეხება გამოხმაურებას, ხალხს რაღაც მცნებები ერევა. საბას აქვს ორი სამშობლო და ორმაგი მოქალაქეობა. აქვს სრული უფლება მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. იგი ამ კრიტიკას ვერ მიიღებს, ეს მშობლებს შორის არჩევნის მსგავსია. საბა არ აპირებს ღალატს არც რუსეთზე და არც საქართველოზე. ესაა და ეს. საბამ საქართველო აირჩია, რადგან პროფესიულად გაზრდის უფრო მეტი შესაძლებლობა დაინახა. მას სურს გახდეს მსოფლიო დონის ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი ამ დროისთვის მოსკოვის „დინამოს“ ღირსებას იცავს, მანამდე კი „ზენიტის“ შემადგენლობაში თამაშობდა და კარიერაც სწორედ ამ კლუბში დაიწყო. 20 წლის ფეხბურთელი დედით ქართველი, მამით კი რუსია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო