ნაპოლის ფეხბურთელი: „ხვიჩა კვარაცხელია ფენომენია“
„ნაპოლის“ ფეხბურთელმა, ჟუან ჟეზუშმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „პარტენოპეის“ ბრაზილიელი უკანახაზელი Dazn-ს ელაპარაკა და ქართველ შემტევთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
„ხვიჩა კვარაცხელია ფენომენია, რომელიც მოედანზე ყოფნისას ერთობა და სიამოვნებას იღებს. ყოველთვის ვეუბნები, რომ მეტოქეზე წავიდეს და სიამოვნება მიიღოს. ის დრიბლინგზეა ორიენტირებული და ასე უნდა განაგრძოს, რადგან ეს მისი საუკეთესო თვისებაა“.
შეგახსენებთ, რომ „მილანთან“ გამართულ შეხვედრაში, კვარაცხელიამ მოედანზე 87 წუთი გაატარა და თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა. გეტყვით იმასაც, რომ Corriere dello Sport-ის დღევანდელი ნომრის გარეკანზე ხვიჩას ვხედავთ და იტალიური გამოცემა წერს: „კვარა მეთაურობს“.
ცნობისთვის, „მილანთან“ აღებული 3 ქულის შემდეგ, „პარტენოპეის“ 17 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას პირველ ოქტომბერს გამართავს და საკუთარ კედლებში „ტორინოს“ დაუპირისპირდება, რომელსაც 10 ქულა აქვს.