დორტმუნდის ბორუსია, მიუნხენის ბაიერნი, მარიო გიოტცე
Aa Aa

“ჯერ იუდა, შემდეგ გმირი და ბოლოს იმედგაცრუებული“ - მე მარიო გიოტცე ვარ

„ჩემთვის ჯოჯოხეთი არის, როდესაც ფეხბურთს ვერ ვთამაშობ.. ეს ძალიან მარტივია..

ჩემი მთელი ცხოვრების განმავლობაში დიდი გაჭირვების წინაშე არასდროს დავმდგარვარ. ყველაფერი შეუფერხებლად მიდიოდა და ოცნება ძალიან პატარა ასაკში ავიხდინე..

17 წლის ასაკში ყვითელი კედლის წინაშე გამოვდიოდი. ფეხბურთს ორ შესანიშნავ მწვრთნელთან ერთად ვთამაშობდი და 22 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიტანე..


სიმართლე გითხრათ, იმდენად ახალგაზრდა ვიყავი, რომ ვერ გავიაზრე რას მივაღწიე.. ამ ყველაფერს ისე არ ვაფასებდი, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ..

შემდეგ ავად გავხდი და თითქმის ყველაფერი გაქრა..

მაგრამ მოდით ისტორიას აქედან ნუ დავიწყებთ.. დადებითს გავიხსენებ და კლოპზე მოგიყვებით..

ჩემი პირველი მწვრთნელი იურგენი იყო. მას ჩემი სჯეროდა და სწორედ მან მომცა 17 წლის ასაკში დებიუტის საშუალება. სასაცილოა ახლა მისი „ლივერპულში“ ხილვა, რადგან ის ისეთი ბუნებრივია მედიის წინაშე.. კლოპი ყოველთვის იღიმება, მაგრამ მისი რეალური სახე ძალიან ცოტამ თუ იცის.. იცით როგორი საშიშია? ვარჯიშზე თუ რამეს ისე ვერ გავაკეთებდი, ჩემკენ სწრაფად გამორბოდა, პირდაპირ სახეში მიყურებდა და ყვირილს იწყებდა..

ამის გადმოცემა ძალიან რთულია.. კბილების ღრჭიალით ლაპარაკობდა და სიტყვებს დამარცვლით გამოსცემდა. მაგალითად: „გააკეთე ყველაფერი ბოლომდე, მიდი, არ გაჩერდე!“

ვარჯიშის შემდეგ გარდაიქმნებოდა. მოდიოდა, მიღიმოდა და მეკითხებოდა: „მარიო, როგორ ხარ? მოდი ცხოვრებაზე ვისაუბროთ. რა ხდება შენკენ?“

კარგად იცოდა როგორ უნდა ეურთიერთა ჩემთან. ის გამორჩეული მწვრთნელი იყო, მაგრამ ჩემთვის მისი პიროვნება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ფეხბურთში არასდროს შემხვედრია მისნაირი ბუნებრივად მხიარული მწვრთნელი. არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც ზაფხულში კლოპს დიუსელდორფში გადავეყარე.. იცით იქ რას აკეთებდა? თმის გადანერგვის პროცედურაზე მიდიოდა..

ეს „დორტმუნდის“ ფეხბურთელებისთვის დიდი სიახლე იყო და თავად კლოპი ამაზე ბევრს მხიარულობდა.. იღიმებოდა და ამბობდა, თუ როგორი ლამაზი იყო თმის გადანერგვის შემდეგ.

შემდეგ კი წასვლისას მან უბრალოდ თვალი ჩამიკრა და მითხრა: „მარიო, არ ინერვიულო, მე შევინახავ ტელეფონის ნომერს."

მე ვკითხე: „რას გულისხმობ?“

მან თქვა: ”ექიმის ნომერს. მე შევინახავ შენთვის. რამდენიმე წელიწადში შეიძლება დაგჭირდეს.“

შემდეგ გაიცინა და წავიდა.. ადამიანების უმეტესობას შერცხვებოდა ან არაფერს იტყოდა, მაგრამ მას საერთოდ არ აინტერესებდა.. ის ისეთი დადებითი იყო და ფეხბურთელებზეც ზუსტად ასე მოქმედებდა..

იურგენს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან მან შანსი მომცა და იმ წლებში ჩვენ ერთად დიდებულ წარმატებას მივაღწიეთ.. 10 წლიდან 20 წლამდე მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი, მშობლიურ გუნდში ვთამაშობდი და არანაირი პრობლემა არ მქონდა..

და როდესაც 20 წლის გავხდი, წასვლა გადავწყვიტე..

ეს არის ის, რაც დარწმუნებული ვარ, ხალხს დღემდე არ ესმის.. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო და ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. „ბაიერნმა“ წინა წელს მომმართა და გადავწყვიტე არ წავსულიყავი, მაგრამ, როდესაც გუარდიოლა დაინიშნა ისევ მომმართეს და არ ვიცოდი რა მექნა..

თქვენ უნდა გესმოდეთ როგორ ფიქრობს 20 წლის ადამიანი. გახსოვს, როცა 20 წლის იყავი? არ გემახსოვრება, თუ როგორ მუშაობდა მაშინ სამყარო.. პირადად მე, უნივერსიტეტში სწავლის საშუალება არ მქონდა. მარტო არასდროს მიცხოვრია.. ვგრძნობდი, რომ ცხოვრებაში ცვლილება მჭირდებოდა და სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისით გუარდიოლასთან მუშაობა ახალი გამოწვევა და განვითარების შესანიშნავი შესაძლებლობა იყო..

წასვლის გადაწყვეტილება მივიღე და შედეგებზე არ ვფიქრობდი..

რამდენიმე კვირის შემდეგ, ჩემმა მშობლებმა თავდაცვის მიზნით პოლიცია დაიქირავეს და სახლთან დააყენეს..

ეს იყო ბოლო რამ, რაც ცხოვრებაში მინდოდა, მაგრამ ცხადია ჩემთვის საშინელი დრო დადგა.. 2 დღით ადრე, სანამ მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დავუპირისპირდებოდით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაფხულში წასვლას ვაპირებდი..

ახლა ხალხის რეაქცია მესმის.. ბევრისთვის ფეხბურთი უბრალოდ თამაშზე გაცილებით მეტია..

მაგრამ იმ დროს ეს შოკისმომგვრელი იყო.. სტვენა და დამამცირებელი ბანერები საკუთარი გულშემატკივრებისგან.. პირადად მე ამას გავუმკლავდი, მაგრამ ჩემი უმცროსი ძმა მაშინ 14 წლის იყო და სკოლაში უპირისპირდებოდნენ.. ადამიანები დედაჩემს ლანძღავდნენ.. ინტერნეტში კი ჩემს ოჯახს ტერორისტული აქტით ემუქრებოდნენ..

ისე მოხდა, რომ ჩემს ოჯახს დორტმუნდში დარჩენა მოუწია და ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი პერიოდია. მათთვის კი ეს კატასტროფა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვი, რომ რაიმეს ვნანობ..

ერთი რამ, რაც ცხოვრებაში ვისწავლე, არის ის, რომ ვერასდროს იწინასწარმეტყველებ, რა მოხდება.. ზოგიერთი საუკეთესო მომენტი კარიერაში დიდი სიბნელის შემდეგ დადგა.. თუ მედიას მოუსმენდით მე ჯერ იუდა ვიყავი, შემდეგ გმირი, შემდეგ იმედგაცრუებული და ბოლოს ფეხბურთიდან თითქმის მოკვეთილი.. ეს ყველაფერი სულ რაღაც 4 წელიწადში..

ამ გადმოსახედიდან მაინც ვერ ვიტყვი, რომ „ბაიერნში“ გადასვლა შეცდომა იყო, რადგან გუარდიოლასგან ფეხბურთის შესახებ საოცარი რაღაცები ვისწავლე. მას შეეძლო საათობით მჯდარიყო და ტაქტიკაზე ესაუბრა. ფეხბურთს სულ სხვა კუთხით შევხედე.. პეპის ხელმძღვანელობით ვარჯიშები ყველაზე ინტენსიური და საინტერესო იყო..

განსაკუთრებული იყო მისი გამოცდილება, როგორც მწვრთნელის და ასევე, როგორც პიროვნების.. მე რომ „ბაიერნში“ არ გადავსულიყავი მოხდებოდა ის, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა?

ცხოვრება უცნაურია..

ხალხი 2014 წლის მუნდიალის ფინალზე და ჩემს გოლზე საუბრობს, მაგრამ ყველას დაავიწყდა თუ რა რთული იყო ჩემთვის ფინალამდე ყველაფერი.. არავის ახსოვს, რომ „ალჟირთან“ შემცვალეს. არავის ახსოვს, რომ საფრანგეთთან ძირითად შემადგენლობაში არ მათამაშეს და არც ის ახსოვთ, რომ ბრაზილიასთან 1 წუთიც არ მითამაშია.

იმ პერიოდში ალბათ ყველაზე მოწყენილი ვიყავი და დეპრესია დამეწყო.. ფინალამდე არაფერი სასიამოვნო არ ხდებოდა ჩემთვის..

შეუძლებელი იყო იმის დანახვა, რაც წინ მელოდა..

გოლის გატანა ფეხბურთში ჩემი ყველაზე უკანასკნელი მიზანია.. ბურთის კარში დარტყმა.. 1000-ჯერ მაინც გამიკეთებია ეს.. ჩემი მთავარი მიღწევა იცით რა იყო? ფინალამდე 1 დღით ადრე სასტუმროში ვიჯექი და გადავწყვიტე, რომ დეპრესია უნდა დამემარცხებინა და კონცენტრირება ვარჯიშზე მომეხდინა..

გოლი ნაწილობრივ იღბალი იყო..

მწვრთნელს თავისუფლად შეეძლო, რომ მინდორზე მე არ შევეშვი, რადგან სათადარიგოთა სკამზე ბევრი სხვა კარგი ფეხბურთელი იჯდა..

მაგალითად, ანდრეს შიურლესაც ხომ შეეძლო ბურთი იქ არ ჩაეწოდებინა და სხვა გადაწყვეტილება მიეღო? ის მე ძლივს მხედავდა..

თავისუფლად იყო შესაძლებელი, რომ ბურთი იქ არ წამოსულიყო და 1 მეტრით მარჯვნივ ან მარცხნივ დავარდნილიყო..

ან მეკარეს აეღო..

როდესაც ბურთი მკერდზე მივიღე ნეგატიურად ვფიქრობდი და მეგონა, რომ არაფერი გამომივიდოდა..

ჩემს გონებაში მილიონი განსხვავებული სცენარი არსებობს, სადაც მე არ ვარ ის, ვინც მარაკანაზე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა..

ეს ახდენილ ოცნებაზე მეტი იყო.. მაგრამ რაც ყველაზე მეტად მახარებდა, ის იყო, თუ როგორ გავუმკლავდი მატჩისწინა დღეებს.. კარიერაში თავს ყველაზე ცუდად ვგრძნობდი და სამი დღის შემდეგ, გმირი გავხდი..

რაც შემდეგ მოხდა ამისთვის მზად არ ვიყავი..

პრესაში სიცრუე გავრცელდა.. თითქოს ფინალში მოედანზე გასვლის წინ ლიოვმა მითხრა: „აჩვენე მსოფლიოს, რომ მესიზე უკეთესი ხარ.“

მას ასეთი რამ  არ უთქვამს. ჩვენ მხოლოდ ტაქტიკაზე ვსაუბრობდით და ამაზე ვიყავი კონცენტრირებული.. და მაინც მე ლეოს მადარებდნენ.. ამის გამო „ბაიერნში“ დიდ ზეწოლას ვგრძნობდი.

ხალხს ჩემგან დიდი მოლოდინი გაუჩნდა და ეს ყველაფერი გონებრივად ჩემთვის ადვილი არ იყო..

ფსიქოლოგიური პრობლემები შემექმნა. რეაბილიტაციას და მექანიზმის შეცვლას რამდენიმე თვე დასჭირდა და ეს ჩემთვის გარკვეულწილად კარგი იყო. რა თქმა უნდა, არასდროს გინდა ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნას, მაგრამ ფეხბურთი ჩემთვის 8 წლის ასაკში დაიწყო.. მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ახლაც უცნაურად ჟღერს და არ გამიაზრებია რა გავაკეთე..

ამის შემდეგ, 3-კვირიან შვებულებაში გავედი და „ბაიერნში“ დავბრუნდი. თითქოს არაფერი მომხდარა.. ეს იყო მეტი მოლოდინი, მეტი ტიტული, მეტი გოლი. „ბაიერნში“ ყველაფერი დაუნდობელი იყო.

როდესაც ფეხბურთი ჩემგან წავიდა მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე ჩემი ისტორიის გააზრება. ყველაფერი კარგიც და ცუდიც..

საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც იმ პერიოდში მივიღე, „დორტმუნდში“ დაბრუნება იყო. როდესაც 20 წლის ასაკში აქაურობა დავტოვე ცხოვრების პერსპექტივა ნამდვილად არ მქონდა.. შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ მე ფეხბურთს, როგორც საბავშვო თამაშს ისე ვუყურებდი..

უბრალოდ დარბიხარ ბალახზე ბურთთან ერთად. ეს უბრალოდ სპორტია.. მაგრამ შემდეგ შენ ბევრ აღმავლობას და დაცემას განიცდი.. იაზრებ, თუ რას ნიშნავს ფეხბურთი ადამიანებისთვის.. ხედავ სიძულვილს, სიყვარულს, ზეწოლას, ყველაფერს - და იძენ გარკვეულ პერსპექტივას.

სიძულვილის ასპექტი არის ის, რაც დღემდე არ გამიაზრებია.. დღემდე ვმეგობრობ „ბაიერნის“ იმ ფეხბურთელებთან, რომლებთან ერთადაც ვთამაშობდი.. მე არ ვფიქრობ, რომ ფერების გამო ერთმანეთი უნდა გვძულდეს.. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ერთად მოვიგეთ. ეს არის კავშირი, რომელიც სამუდამოდ გრძელდება..

იმ ადამიანებს, რომლებსაც „დორტმუნდიდან“ წასვლის შემდეგ შევზიზღდი, ისევ მიმიღეს და შემიყვარეს..

2009 წლის 21 ნოემბერი..

ვიცი, რომ ადამიანების უმეტესობას არც კი ახსოვს ეს დღე. განსაკუთრებული არაფერი იყო. ფრე 0-0 „მაინცთან“, მაგრამ მე არასდროს დამავიწყდება, რადგან იურგენ კლოპმა 88-ე წუთზე დამიძახა და მოედანზე გასასვლელად მომამზადა.. ეს ჩემი სადებიუტო მატჩი იყო..

წარმოიდგინეთ, 17 წლის ბიჭი, რომელიც გიჟურად გაიზარდა..

სკამიდან ავდექი და გახურება დავიწყე. შევხედე დიდ ყვითელ კედელს და ისე ავნერვიულდი კინაღამ შორტებში ჩავიფსი..

იცით, დარწმუნებული ვარ, 2014 წლის ფინალში გატანილ გოლს ხალხი 100 წლის შემდეგაც ნახავს, მაგრამ „ვესტფალენზე“ ჩემი პირველი ნაბიჯი ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელია..

ასე რომ, იურგენ კლოპს მადლობა უნდა გადავიხადო, რადგან ეს ჩემი ამბის დასაწყისი იყო..

და იცით რა? ამდენი წლის შემდეგ, ბედნიერი ვარ, რომ თმის გადანერგვის სპეციალისტის ნომერი ჯერ კიდევ არ მჭირდება..

ჯერ არა..

შეიძლება ოდესმე, დიდი, დიდი, დიდი ხნის შემდეგ?..

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი..

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „დორტმუნდის“ გულშემატკივრებს ჩემი მხარდაჭერისთვის.. ეს ჩემთვის განსაკუთრებული იყო.. ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ..

იყო დრო მწვერვალზე ვიყავი და იყო დრო, როცა ბოლომდე დავეცი.. არ ვიცი ეს მოგზაურობა სად წამიყვანს, მაგრამ „დორტმუნდი“ ჩემი ცხოვრების განსაკუთრებული ნაწილია.. ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთით ისევ ვტკბები.. მართალია დღეს სხვა კლუბში ვთამაშობ მაგრამ.....

დიდი მადლობა - მე მარიო გიოტცე ვარ“

გაზიარება: