ტრილოგია: 12 რაუნდიანი ბრძოლა - კანელომ გოლოვკინი დაამარცხა
კრივში სუპერ საშუალო წონით კატეგორიაში მსოფლიოს აბსოლუტურმა ჩემპიონმა კანელო ალვარესმა გენადი გოლოვკინთან ტრილოგია დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა და ტიტული შეინარჩუნა.
ლას ვეგასში გამართული ბრძოლა 12 რაუნდს გაგრძელდა და მექსიკელი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით - 116-112, 115-113, 115-113 - გამარჯვებულად გამოცხადდა.
მექსიკელ და ყაზახ მოკრივეებს შორის ეს რიგით მე-3 ბრძოლა იყო. პირველი ფრედ დასრულდა, მეორე კანელომ მსაჯების არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო, თუმცა დღეს ყველაფერს წერტილი დაუსვა და დამაჯერებელი გამარჯვება გაიფორმა.
გოლოვკინთან მესამე ბრძოლისთვის კანელომ იგივე ტაქტიკა აირჩია, რაც მეორე ბრძოლის დროს ჰქონდა - აგრესიული პრესინგი. საწყის რაუნდებში კანელო ყურადღებას ამახვილებდა ცენტრალური რგოლის კონტროლზე, პრესინგზე და თავში ერთჯერად დარტყმაზე.
ალვარესმა ბრძოლის პირველი ნახევარი ძალიან თავდაჯერებულად ჩაატარა და კიდევ ცოტა მეტიც: სტრიმინგ პლატფორმის DAZN-ის დამოუკიდებელმა ანალიტიკოსებმა, რომელიც ბრძოლას კომენტარს უკეთებდა, 8 რაუნდის შემდეგ აღნიშნა, რომ ანგარიში დამანგრეველი 8-0 იყო კანელოს სასარგებლოდ - და ძნელი იყო არ დათანხმებულიყავი. გოლოვკინმა ამის შემდეგ გაიღვიძა, თუმცა ეს ბრძოლის გადასარჩენად საკმარისი არ იყო.
კანელოსა და გოლოვკინს შორის მესამე ბრძოლაც 12 რაუნდს გაგრძელდა, სულ სამი ბრძოლის განმავლობაში მოკრივეებმა რინგზე 36 რაუნდი გაატარეს, ანუ 108 წუთი).
კომენტარები ბრძოლის შემდეგ
კანელო ალვარესი:
„დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ცხოვრებაში ძალიან რთული რამ გამოვიარე. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ სცადოთ წინსვლა.
ცოტა ხნის წინ ჩემი დამარცხების გამო რთული პერიოდი გამოვიარე და რეალურად ვაჩვენე, რომ მარცხი დიდი რამ არის, რადგან იგი შთაგაგონებს, რომ დაბრუნდე და გამოიჩინო შენი მოკრძალება.
დიდი მადლობა მეგობარო. მადლობა ყველაფრისთვის. გულშემატკივრებს სამი კარგი ბრძოლა ვაჩუქეთ. გოლოვკინი დიდი მებრძოლია“.
გენადი გოლოვკინი:
„ეს ძალიან ჭკვიანური ბრძოლა იყო, უფრო ტაქტიკური იყო, როგორც ჭადრაკი. დღეს კანელო უკეთესი იყო. მეორე ნახევრისკენ ვცდილობდი ბრძოლა შემომებრუნებინა. თავს კარგად ვგრძნობდი. საბოლოოდ კარგი დაპირისპირება ვიხილეთ“.