ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

რეკორდი მიმდინარე სეზონში - კვარას მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „რეინჯერსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 0:3 გაიმარჯვა.

ტრადიციულად, ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. თამაშის მიწურულს ლუჩიანო სპალეტიმ ის ელიფ ელმასით შეცვალა.

ამ დროის განმავლობაში, ხვიჩა პროდუქტიული იყო და 68-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა, რომელიც ზუსტად მატეო პოლიტანომ შეასრულა. ამ ეპიზოდის გარდა, ქართველი ფეხბურთელი თავის გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სპორტულმა ანალიკიტურმა გვერდმა Opta-მ კვარას სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელშიც ვიგებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის რეკორდსმენი გახდა კარისკენ დარტყმების რაოდენობით.

კერძოდ, ქართველმა ფეხბურთელმა „რეინჯერსის“ კარის მისამართით 8-ჯერ გაისროლა, რაც 2022/23 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე ჯერჯერობით საუკეთესო მაჩვენებელია. 8 დარტყმიდან 3 ზუსტი აღმოჩნდა, თუმცა მაკგრეგორმა 21 წლის შემტევს გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა. ამის გარდა, კვარაცხელია გუშინდელ შეხვედრაში მეტოქის საჯარიმოში ბურთზე შეხებითაც საუკეთესო იყო (8 შეხება).

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლი“ 2 ტურის შემდეგ A ჯგუფში 6 ქულით პირველ ადგილს იკავებს. ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას სერია A-ში გამართავს. „ნაპოლის“ მეტოქე 18 სექტემბერს „მილანი“ იქნება.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მე-3 ტურში ნეაპოლური კლუბი „აიაქსს“ შეხვდება. მატჩი 4 ოქტომბერს ამსტერდამში ჩატარდება.

კვარას მომენტები რეინჯერსთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ამაღლებული და ბუნებრივი“ - Tuttomercatoweb და Calciomercato ხვიჩაზე
“ამაღლებული და ბუნებრივი“ - Tuttomercatoweb და Calciomercato ხვიჩაზე