ევრობასკეტი
Aa
Aa

სენსაცია - გერმანიამ იანისი და კამპანია გამოაგდო, ნახევარფინალში ესპანეთიც ითამაშებს

Eurobasket 2022-ზე მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა და შეიძლება ითქვას ბევრისთვის მოულოდნელადაც დასრულდა.

„ბერლინ არენაზე“ დღის პირველ მატჩში ესპანეთის  ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 10 ქულის სხვაობით, 100:90 დაამარცხა. გამარჯვების მიუხედავად, სერჟიო სკარიოლოს გუნდმა მეტოქისგან დიდი წინააღმდეგობა მიიღო და რომ არა დასვკნით მეოთხედში ლეგენდარული რუდი ფერნანდესის საოცარი თამაში, შესაძლოა ესპანეთი ნახევარფინალის მიღმაც კი დარჩენილიყო. 37 წლის კალათბურთელმა ფინეთს ორი საოცარი სამქულიანი ჩაუგდო, რამაც საბოლოო შედეგზეც დიდი გავლენა იქონია.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ვილი ერნანგომესი გახდა, რომელმაც 27 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. გამორჩეული იყო ლორენცო ბრაუნიც, რომელმაც ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო: 10 ქულა, 4 მოხსნა, 11 ასისტი, 2 ჩაჭრა.

ფინეთის ნაკრებიდან კი ლაური მარკანენი გამოირჩა, რომელმაც მოედანზე გატარებულ 34:12 წუთში ორმაგი დუბლი შემოგვთავაზა: 28 ქულა, 11 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა.

დღის მეორე მეოთხედფინალური მატჩი კი სენსაციური შედეგით დასრულდა. მასპინძელი გერმანიის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, საბერძნეთის ნაკრებს შეხვდა და შთამბეჭდავი პერფომანსის ხარჯზე 11-ქულიანი სხვაობით, 107:96 გაიმარჯვა.

გორდი ჰერბერტის გუნდმა მეტოქეს ბრწყინვალე კალათბურთი შესთავაზა, განსაკუთრებით კი პერიმეტრიდან, სადაც გერმანელებმა 31 მცდელობიდან 17-ჯერ გაისროლეს ზუსტად. განსაკუთრებით აღსანიშნია გერმანელების თამაში მე-3 მეოთხედში. ჰერბეტის კალათბურთელებმა მეტოქეს 20:1 გაქცევა მოუწყეს, რამაც საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი როლი ითამაშა. გამორჩეული მატჩი ჩაატარა დენის შროდერმა, რომელმაც მოედანზე გატარებულ 31 წუთში 26 ქულა, 3 მოხსნა, 8 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ასევე, გამორჩეული იყო დანიელ ტეისი, რომელმაც თამაში 13 ქულით, 16 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით და 1 ბლოკით დაასრულა.

საბერძნეთის ნაკრებიდან კი ყველაზე მეტი ქულის აღება იანის ანტეტოკუნმპომ შეძლო, თუმცა დიმიტრიოს იტუდისის გუნდის ლიდერის შედეგიანი თამაში მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. საბოლოოდ იანისის სტატისტიკა ასეთი იყო: 31 ქულა, 7 მოხსნა, 8 ასისტი, 3 ჩაჭრა.

ნახევარფინალში ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეხვედრა 16 სექტემბერს, საქართველოს დროით 22:30 საათზე გაიმართება. დღეს კი მეოთხედფინალური ეტაპის კიდევ ორი მატჩი ჩატარდება. ჩვენი დროით 19:15 საათზე საფრანგეთი იტალიას შეხვდება, 22:30 საათზე კი ლუკა დონჩიჩის სლოვენია პოლონეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები