„მას შეუძლია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდეს“ - კანისარესი მამარდაზე
„ვალენსიას“ ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა გიორგი მამარდაშვილი კიდევ ერთხელ შეაქო. მისი თქმით, მამარდაშვილს შეუძლია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდეს.
კანისარესმა ქართველის შესახებ რადიო COPE-ს გადაცემა Los Lunes al Var-ში სტუმრობისას ისაუბრა.
„თუ ასე გააგრძელებს, თუ ამ პროექტს და აღებულ მიმართულებას გაჰყვება, მას შეუძლია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდეს. მან ქულების დაკარგვისგან გვიხსნა. ისეთი მოთამაშეა, რომლის ფასი იზრდება.
იმ შემთხვევაში თუ ის ტრავმას მიიღებს, ვშიშობ „ვალენსიას“ ბევრი პრობლემა ექნება, რადგან შესაბამისი დონის შემცვლელი არ ჰყავს“.
21 წლის გიორგი მამარდაშვილი „ღამურებში“ მეორე სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ხუთივე ტურში სასტარტოში ითამაშა, კლუბის ერთ-ერთი ლიდერია, გუნდი გოლის გაშვებისგან არაერთხელ იხსნა.
გასულ უიქენდზე ლა ლიგაში საინტერესო დაპირისპირებები გაიმართა. ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე დიდ ყურადღებას „ვალენსია“ იწვევდა, რომელიც სტუმრად „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
წაგებული მატჩის მიუხედავად, გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავად იასპარეზა და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. ავტორიტეტული გამოცემა Whoscored ყოველი ტურის დასრულების შემდეგ, კვირის საუკეთესო თერთმეტეულს გვთავაზობს. გამონაკლისი არც ახლანდელი შემთხვევაა და ლა ლიგის ტურის სიმბოლურში ქართველი მეკარე ვიხილეთ, რომელსაც 7.4 შეფასება ერგო.
სრული შემადგენლობა კი ასეთია:
მამარდაშვილი, კარმონა, დიახაბი, ფელიპე, კარასკო, როდრიგო, გარსია, დე პაული, ვინისიუსი, უნალი, ბოიე.