ლაშა ბექაური: გამარჯვებისთვის დაბადებული! - ოლიმპიური ჩემპიონის ინტერვიუ EJU-სთან
2021 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, ლაშა ბექაური ევროპული ძიუდოს გაერთიანებას (EJU) წარსულსა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
ინტერვიუს დროს ბექაური ამბობს, რომ ოლიმპიადის დროს მიღებული ტრავმა სრულად მოირჩინა და ახლა უახლოესი ტურნირებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
ლაშა ბექაური:
ოლიმპიადაზე ჩემთვის მთავარი მოტივაცია იყო, რომ ქართველი ვარ და იმ დღეს ჩემს გამარჯვებას ბევრი ელოდა იმ იმედით, რომ ტოკიოში ჩვენი ქვეყნის ჰიმნი შესრულებოდა. ასევე, რაც დიდ მოტივაციას მაძლევს არიან ჩვენი ჯარისკაცები, გმირები, რომლებმაც სამშობლოს თავი შესწირეს. ისინი ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდნენ და ყოველ ჯერზე, როდესაც რაიმე ტურნირზე გამოვდივარ, ვგრძნობ, რომ წაგების უფლება არ მაქვს. იმ ხალხმა სიცოცხლე გაწირა და ამის შემდეგ, როგორ შემიძლია დამარცხება. ეს არის ჩემთვის უდიდესი მოტივაცია.
ბავშვობიდან, როდესაც ძიუდოში ვარჯიში დავიწყე, გონებაში ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ დიდი ჩემპიონი უნდა გავმხდარიყავი. ამის ერთ-ერთი მიზეზი მამაჩემი იყო, რომელიც გამუდმებით მინერგავდა ტვინში, რომ დიდი ჩემპიონი ვიქნებოდი და ყოველთვის დიდ სტიმულს მაძლევდა. მამაჩემი ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი ადამიანია, რომელიც ყოველთვის დიდ მოტივაციას მაძლევს. ალბათ, ერთ-ერთი მთავარია მოტივაცია გამარჯვებულის მენტალიტეტის ქონაა, რისთვისაც უნდა იბრძოლო და მაქსიმუმი გააკეთო.
ოლიმპიურ ჩემპიონს მუდამ გვერდით უდგას პირადი მწვრთნელი, ალექსი ღვინიაშვილი, ოლიმპიური თამაშების დროს კი მისი მარჯვენა ხელი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი იყო.
ორივე ადამიანი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ორივეს თავისი როლი აქვს და ორივე დიდ მოტივაციას მაძლევს. ლაშა ჩვენი ნაკრების მწვრთნელია, ლექსო კი ჩემი პირადი მწვრთნელი. ლექსო ჩემთვის მამასავითაა და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ავსტრიაში ის ჩემს გვერდით იყო და ჩემი გამარჯვება ერთად ვიზეიმეთ, ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
როგორ შეიცვალა ცხოვრება ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონისთვის?
როდესაც ოლიმპიური ჩემპიონი ხდები, ამას ბევრი უპირატესობაა აქვს, მაგალითად, როგორიცაა ხალხის სიყვარული. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამდენი გულშემატკივარის სიყვარულს განსაკუთრებული და სხვა სახის მოვლა სჭირდება. უნდა მოიქცე სხვანაირად, რადგან ბევრი ბავშვი გიყურებს, ასევე გიყურებენ საყვარელი ადამიანები და ყველაფერს ისე ვეღარ გააკეთებ, როგორც ადრე. უნდა იყოთ ორმაგად მოტივირებული და ორჯერ უფრო ძლიერად უნდა იშრომოთ.
ტოკიოს ოლიმპიადამდე, ბექაურის გარდა ოლიმპიური ჩემპიონი სამი ძიუდოისტი გახდა: ზურაბ ზვიადაური (2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე), ირაკლი ცირეკიძე (2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე) და ლაშა შავდათუაშვილი (2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე). რა თქმა უნდა, საიდუმლო არ არის, რომ საქართველო ძიუდოს სამყაროში ერთ-ერთ მთავარ ძალას წარმოადგენს და ოლიმპიურ თამაშებზე უამრავი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლითაც დაიკვეხნის. მაგრამ, ამ სპორტსმენებისთვის ეს წარმატება ცოტა განსხვავებულია, ისინი ამ მიღწევას საკუთარ თავზე არ იღებენ.
ჩემთვის ნამდვილად ყველაფერს ნიშნავს, რომ წარმოვადგენდე ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს და ჩემს დროშას.
ბექაურის ოცნება არის არა ორი, ან სამი, არამედ ოთხი ოლიმპიური ოქროს მედალი და თანამემამულეებსაც დიდი რწმენა აქვთ, რომ ის ამას შეძლებს. თუმცა, ის არ არის ერთადერთი სპორტსმენი -90 კგ. წონაში საკუთარი ქვეყნიდან, რომელმაც ამ კატეგორიაში მიაღწია წარმატებას. ამავე წონაშია ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერი ლუკა მაისურაძე, რომელიც ტრავმისგან სწორედ ამ პერიოდში ბრუნდება და ასევე ბექა ღვინიაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-2 ადგილზეა.
სპორტსმენის კარიერა ძალიან ხანმოკლეა და კონკურენტებს შორის ჩხუბისა და დაძაბულობის ადგილი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონკურენტებს შორის შენი თანამემამულეები არიან და თან ისინიც ჩემპიონები არიან. მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.
გარდა მისი მაღალი მიზნებისა, მას იმედი აქვს, რომ ლაშა შავდათუაშვილს შეუერთდება. ის გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ტიტულები მოიპოვა.
როდესაც ჰკითხეს, თუ როგორ დაახასიათებდა საკუთარ თავს, როგორც სპორტსმენს, მან უბრალოდ თქვა:
გამარჯვებულად დაბადებული!