საიმანოვი: „ხვიჩას ტრანსფერის თანხა ამ დრომდე არ მიგვიღია“
ყაზანის „რუბინს“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში თანხა ამ დრომდე არ აუღია. კლუბის გენერალური დირექტორის, რუსტემ საიმანოვმა რუსულ ტელეარხ Match TV-ს მისცა ინტერვიუ, სადაც ის ტრანსფერის გარემოებებზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ კლუბი კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერიდან კუთვნილ თანხას უახლოეს მომავალში მიიღებს.
ჟურნალისტი: „რუბინი“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლის გამო რამეს მიიღებს?
საიმანოვი: იმედი მაქვს, მივიღებთ.
ჟურნალისტი: ეს გამოსასყიდი თანხა იქნება?
საიმანოვი: დიახ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ სხვა თანხებიც დაემატება.
ჟურნალისტი: სირცხვილი იქნება ასეთი ფეხბურთელის სანაცვლოდ რომ არაფერი მიიღოთ...
საიმანოვი: ნამდვილად. ზოგადად, ბევრი რამ არის უხერხული. ხახშაბანოვიჩისგან და დრეიერისგან რომ ვერაფერი მივიღეთ, ეს არაა სირცხვილი? სამწუხაროდ, არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.
ჟურნალისტი: ხვიჩა სერია A-ს არღვევს, გიკვირთ?
საიმანოვი: მე? რა თქმა უნდა არა. გაიხსენეთ, როცა ის 19 წლის იყო, რაზე ვსაუბრობდით. ვთქვით, რომ კარგ ევროპულ გუნდში გადავიდოდა. მას აქვს სისწრაფე, დრიბლინგი, კარგად კითხულობს თამაშს. ჯერ ახალგაზრდაა და კიდევ უფრო განვითარდება. მან, სულ ახლახან შემოდო კარადაზე სკოლის ჩანთა და უკვე ასეთი მოთამაშეა. ჩვენ მას ვგულშემატკივრობთ და კარგად ვექცევით. ხვიჩას ამ დრომდე აქვს კლუბის წარმომადგენლებთან კონტაქტი.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ყაზანის „რუბინი“ 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დატოვა და ბათუმის „დინამოში“ გადავიდა. 2022 წლის ივლისში კი „ნაპოლის“ შეუერთდა და კლუბის მაისურით სერია A-ში და ჩემპიონთა ლიგაზე საერთო ჯამში 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. კვარაცხელია სერია A-მ აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა.