ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„დღითიდღე მტკიცდება, რომ ნაპოლის მთავარი მამოძრავებელი ძალაა“ - 90MIN-ის სტატია ხვიჩაზე

ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ, 90min-მა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერა და მას „ნაპოლის“ შეუცვლელი ფიგურა უწოდა.

ჟურნალისტის მიერ მომზადებულ სტატიაში წერია, რომ ლუჩიანო სპალეტის გუნდის სქემა მთლიანად ქართველ ფეხბურთელზეა აწყობილი და ხვიჩა „ნაპოლიში“ ყველაზე სახიფათო მოთამაშეა.

რას წერს 90MIN:

„ნაპოლიმ“ ჯაკომო რასპადორის გვიანი გოლის წყალობით „სპეცია“ 1:0 დაამარცხა. „სასუოლოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა პირველი გოლი სწორედ გასულ ტურში გაიტანა, თუმცა მთავარი ინტერესი, ისევე როგორც გაოცება ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლამ გამოიწვია. ქართველმა შემტევმა დამაჯერებელი და ეფექტური თამაშის მიუხედავად, მოედანი ნაადრევად დატოვა.

სერია A-ში მისი თამაშის გავლენა გუნდებისთვის დამღუპველია: 6 თამაში, 4 გოლი და 1 საგოლე პასი. დღითიდღე უფრო და უფრო მტკიცდება, რომ ის გუნდისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. შაბათს, მარადონაზე ჩატარებული მატჩი ადასტურებს მის ხარისხს და შეუცვლელ როლს ლურჯების ტაქტიკურ მონახაზში. კვარაცხელია მოწინააღმდეგეებს ახტება და ქმნის რიცხობრივ უპირატესობას, რაც აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, ის „ნაპოლიში“ ყველაზე საშიში კაცია: ოთხი გოლი მან ყველანაირად გაიტანა - მარჯვენა ფეხით, მარცხენა ფეხით და თავით. მისი კიდევ ერთი კარგი თვისება? მინდორზე სივრცეების საოცრად სწრაფად ათვისება და სახიფათო მომენტების შექმნა.

როგორც ჩანს, გუნდიდან ინსინიეს წასვლა უკვე შორეული მოგონებაა. „ნაპოლისთვის“ მხოლოდ ერთ შენაძენზე ფოკუსირება საკმარისი აღმოჩნდა. კვარაცხელიას აქვს შესაძლებლობა, რომ „ნაპოლის“ ერთ-ერთი სიმბოლო გახდეს. მარადონას კლუბში მას უკვე „კვარადონაც“ კი შეარქვეს. „სპეციასთან“ მისი ცვლილება მხოლოდ იმის დემონსტრირებაა, თუ როგორ უფრთხილდება მის ნიჭს სპალეტი სამომავლოდ. ოთხშაბათს გუნდი „რეინჯერსთან“ ითამაშებს და როგორც ხვიჩა გვპირდება, ის „ელექტრიკული“ იქნება. მისი უნარები, სიძლიერე და მრავალფეროვნება „ნაპოლისთვის“ უკვე შეუცვლელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 7 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ქართველი ფეხბურთელის კლუბი მომდევნო შეხვედრას 14 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. „ნაპოლის“ მეტოქე სტუმრად გლაზგოს „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაიმეორებს კვარადონა მარადონას?“ - WHOSCORED-ის ვრცელი სტატია ხვიჩაზე
„გაიმეორებს კვარადონა მარადონას?“ - WHOSCORED-ის ვრცელი სტატია ხვიჩაზე