ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„შეიძლება ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო მოვლენასაც ვუყურებთ“ - ბრიტანული სააგენტო კვარაზე

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი კარგი თამაშით რომ მსოფლიო აალაპარაკა, ეს ქართველი გულშემატკივრისთვის ახალი ამბავი ნამდვილად არ არის.

ყოველდღიურად, მთელი ევროპის მასშტაბით არაერთ გავლენიან მედიასაშუალებაში, თუ გამოცემაში ქართველი ფეხბურთელის შესახებ საკმაოდ დიდი რაოდენობით იწერება, სადაც ხვიჩას წარმატებულ თამაშს განიხილავენ.

ერთ-ერთი ბოლო სააგენტო, რომელმაც 21 წლის ფეხბურთელის შესახებ დაწერა ბრიტანული Lastwordonsports-ია. სტატიის ჟურნალისტი, ბრედლი ჟონსი თავის მომზადებულ პუბლიკაციაში კვარაცხელიას წარსულს და აწმყოს განიხილავს. ასევე, ყურადღებას ამახვილებს მის ძლიერ მხარეებზე და „ნაპოლის“ თამაშზე მის გავლენაზე.

რა წერია სტატიაში:

2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „ნაპოლიმ“ საქართველოს უმაღლესი ჩემპიონატიდან - კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან ბევრისთვის უცნობ ფეხბურთელთან გააფორმა გარიგება. ამ მოთამაშის სახელია ხვიჩა კვარაცხელია, უფრო ცნობილი, როგორც - კვარა.

ხვიჩა კვარაცხელია: ნაპოლის Top-ტალანტი

კვარა მხოლოდ 21 წლისაა და კარიერის უმეტესი ნაწილი საქართველოსა და რუსეთის ჩემპიონატების რამდენიმე კლუბში აქვს გატარებული. მან სახელის მოხვეჭა ყაზანის „რუბინიდან“ დაიწყო, ამავე დროს კი ჰქონდა შესანიშნავი დებიუტი საქართველოს ნაკრებში. ამ ასპარეზზე მან საფეხბურთო სამყაროს ყურადღება საკმაოდ სწრაფად მიიპყრო. ხალხმა მალევე დაიწყო მისი ნიჭის აღიარება და ის 20-წლამდელებს შორის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

დიდმა კლუბებმა მაშინვე დაიწყეს კვარას შესახებ ინფორმაციის მოძიება და ყაზანის „რუბინმაც“ იცოდა, რომ მათ ხელში ძვირფასი ქვა ჰქონდათ. მის ტრანსფერში ისინი 20 მილიონ ევროს ითხოვდნენ.

თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომის გამო კვარას კარიერა მოულოდნელი სცენარით განვითარდა. მას მიეცა უფლება, რომ „რუბინთან“ კონტრაქტი გაეწყვიტა და იმ კლუბთან გაეფორმებინა ხელშეკრულება, რომელსაც ის მოისურვებდა. კვარამ კი სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა და ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა.

ახალგაზრდა გარემარბმა ქართულ კლუბში მხოლოდ 11 თამაშში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ შესანიშნავი კვალი დატოვა. ამ დროში მან 8 გოლი გაიტანა და აჩვენა, რომ კონკურენციაზე მაღლა იდგა. ამან კიდევ ერთხელ მიიპყრო ევროპიდან დიდი კლუბების ყურადღება. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ის ხელმისაწვდომი იყო ბევრად ნაკლებ ფასად.

გადასვლა იტალიაში

საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ კვარა მხოლოდ 10 მილიონ ევროდ მოიპოვა.

მას გუნდში დიდი სიცარიელე ჰქონდა შესავსები, რადგან ზაფხულში „ნაპოლიმ“ კლუბის სიმბოლო, ლორენცო ინსინიე დაკარგა. ნეაპოლელებმა გადაწყვიტეს, რომ ჭკვიანური სატრანსფერო ბაზარზე ჭკვიანური სვლა გაეკეთებინათ, ნაცვლად იმისა, რომ მთელი სატრანსფერო ბიუჯეტი დაეხარჯათ.

კვარას პოტენციალი გულშემატკივარმა ჯერ კიდევ პრე-სეზონზე დაინახა. 2022/23 წლების სეზონში ის გახდა ფეხბურთელი, რომლის თამაშსაც მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს.

ყველას გასაკვირად, კვარამ ინსინიე იდეალურად შეცვალა და მოლოდინს სრულად გადააჭარბა. სადებიუტო მატჩში მან გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა, მომდევნო შეხვედრაში კი დუბლი ჩაიწერა. რამდენიმე თამაშის შემდეგ მან ლაციოს გამარჯვების გოლიც გაუტანა.

მას დიდ სცენაზე თამაშის შანსიც მიეცა, როდესაც „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულს“ დაუპირისპირდა. მას გამორჩული თამაში ჰქონდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივრებით დიდი ყურადღება დაიმსახურა.

ნეაპოლიტანელმა გულშემატკივარმა მას უკვე ზედმეტსახელიც შეარქვა - „კვარადონა“. ეს არის უდიდესი პატივი, რაც ფეხბურთელმა შესაძლოა თავისი თაყვანისმცემლისგან მიიღოს.

კვარა „ნაპოლის“ შესანიშნავ დროს შეუერთდა. მაშინ, როდესაც გუნდი მერტენსის, ინსინიეს, ფაბიან რუისისა და კულიბალის ეპოქიდან ახალ ეტაპზე გადადის.

მას ჰქონდა შანსი ეთამაშა კრიშტიანუ რონალდუსთან ერთადაც, რომელიც „ნაპოლისთან“ იყო დაკავშირებული. ეს მისთვის ნამდვილად ამაღელვებელი და საამაყო მომენტი იქნებოდა.

მისი მომავლის წინასწარმეტყველება

სამომავლოდ, ახალგაზრდა ქართველი იმედოვნებს, რომ თავის ქვეყანას საფეხბურთო თვალსაზრისით უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს. თუ ის საქართველოს რომელიმე საერთაშორისო ტურნირზე გაიყვანს, მაშინ კვარა ნამდვილი ვარსკვლავი გახდება.

ამასთან, კვარაცხელიას ვიქტორ ოსიმენის დახმარებით შეუძლია, რომ „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმაროს. თუმცა, თუ ის ასე თამაშს გააგრძელებს, შეიძლება ისეთი კლუბების მაისურით ვიხილოთ, როგორებიც არიან მადრიდის „რეალი“ და პსჟ.

შეიძლება ახლა ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო მოვლენასაც ვუყურებთ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 7 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ქართველი ფეხბურთელის კლუბი მომდევნო შეხვედრას 14 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. „ნაპოლის“ მეტოქე სტუმრად გლაზგოს „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლივერპულთან გამარჯვება უკვე წარსულია“ - ხვიჩა ბრიტანულ მედიას ესაუბრა
„ლივერპულთან გამარჯვება უკვე წარსულია“ - ხვიჩა ბრიტანულ მედიას ესაუბრა