დასანანი მარცხი ფინალში - ლერი აბულაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე 63 კგ.წონით კატეგორიაში ლერი აბულაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ქართველი ფალავანი ტურნირის ფინალში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ სებასტიან ნადს შეხვდა და სამწუხაროდ, მეტოქესთან დაძაბულ ბრძოლაში - 1:3 დამარცხდა.
ფინალამდე აბულაძემ 1/8 ფინალში ჩინელი ერბატუ ტუო გამოთიშა ასპარეზობას. ¼ ფინალში ყირგიზ ტინარ შარშენბეკოვს სძლია, ნახევარფინალში კი ირანელი ალი რეზა აიატ ოლაჰ ნეჯატის ბარიერი გადალახა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ლერი აბულაძემ საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი მოუტანა. გუშინ, ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი 55 კგ. წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმია გახდა.