Eldesmarque: რომ არა მამარდაშვილი, ვალენსიას მარცხი უფრო მძიმე იქნებოდა
„ვალენსიასთან“ დაახლოებული ცნობილი ესპანური გამოცემა, Eldesmarque გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს და ამბობს, რომ კლუბი მასთან კონტრაქტს უახლოეს მომავალში გაახანგრძლივებს. სტატიაში ასევე განხილულია 21 წლის მეკარის ბოლო თამაში „რაიო ვალეკანოსთან“, სადაც მამარდაშვილმა არაერთხელ შეძლო საკუთარი გუნდის გადარჩენა.
რა წერია სტატიაში:
გიორგი მამარდაშვილი რომ „ვალენსიას“ ერთ-ერთი საყრდენი ძალაა, მან ეს კიდევ ერთხელ ლა ლიგის მე-5 ტურში, „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩში დაამტკიცა. „ვალენსიას“ კარში მან კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი თვისებები და პირველ ტაიმში გუნდს მხსნელადაც მოევლინა. რომ არა ის, „ვალენსიას“ მარცხი უფრო მძიმე იქნებოდა.
პირველ 45 წუთში მამარდაშვილის კარი მხოლოდ ისი პალასონმა აიღო. მე-13 წუთზე მან ანთოლოგიური ორმაგი სეივი შემოგვთავაზა ჯერ ტრეხოსთან, შემდეგ კი ალვარო გარსიასთან. ცოტა ხნის შემდეგ კი მან კამელოს დარტყმა მოიგერია.
მეორე ტაიმში, ნიკოს ავტოგოლზე ის უძლური იყო, ცოტა ხანში კი კამელოსა და უნაი ლოპესის დარტყმები მოიგერია.
კონტრაქტის გახანგრძლივება
გიორგი მამარდაშვილის კონტრაქტის განახლება უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე. თვეების განმავლობაში მიდიოდა საუბარი ფინანსურ ფეარპლეიზე და სხვა საკითხებზე, ახლა კი ამის შესახებ ოფიციალურად მალე გამოცხადდება. ეს ინფორმაცია ElDesmarque-ს სანდო წყაროებმაც დაუდასტურეს. კონტრაქტი გახანგრძლივდება 2027 წლამდე, გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევრო იქნება. ზაფხულში მას სხვა კლუბიდან არაერთი ზარი ჰქონდა, მაგრამ ქართველი მესტალიაზე ყოფნით ბედნიერია. იმის მიუხედავად, რომ მას კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს, მან ყველა დაინტერესებული გუნდი უარით გაისტუმრა. მას „ვალენსიასთან“ ერთად სურს წარმატების მიღწევა და ნდობა ჯენარო გატუზომაც გამოუცხადა.
რამდენიმე დღის წინ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ლეიჰუნ ჩანმაც ისაუბრა: „ველოდებით გაიასთან კონტრაქტის ხელმოწერას და ასევე ვაპირებთ გახანგრძლივებას გილამონთან და მამარდაშვილთან“. შესაბამისად, „ვალენსიას“ კარგად ესმის კლუბში ქართველი მეკარის მნიშვნელობა. შეგახსენებთ, რომ ახლა მას კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და გამოსასყიდი თანხა მხოლოდ 20 მილიონი ევროა.
ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა და „ღამურების“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 22 გაუშვა, 9 შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.
მიმდინარე სეზონში 21 წლის მეკარე ლა ლიგის 5-დან ხუთივე შეხვედრაში გამოჩნდა სასტარტო შემადგენლობაში და 5 გოლი გაუშვა, ერთ მატჩში კი კარის მშრალად შენახვა შეძლო.
მამარდაშვილის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო თამაშს 17 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „სელტას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება.