Eurobasket-ის 1/8 ფინალი: იტალიამ იოკიჩის სერბეთს მოუგო და 1/4 ფინალში ითამაშებს
Eurobasket 2022-ზე 1/8 ფინალური ეტაპის მორიგი მატჩი გაიმართა. „ბერლინ არენაზე“ სერბეთის ნაკრები იტალიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 8 ქულის სხვაობით - 86:94 დამარცხდა.
საგულისხმოა, რომ სერბები თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდნენ და უპირატესობასაც ინარჩუნებდნენ, თუმცა იტალიელებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა დასკვნით მეოთხედში შეძლეს. ჯანმარკო პოცეჩოს კალათბურთელებმა მე-4 მეოთხედი საუცხოოდ ჩაატარეს და საბოლოოდ დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.
იტალიის ნაკრებიდან გამორჩეული მარკო სპისუ იყო, რომელმაც მოედანზე გატარებულ 32:11 წუთში 22 ქულა, 4 მოხსნა, 6 ასისტი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. კარგი თამაში ჰქონდა ნიკოლო მელისაც, რომელმაც 31:39 წუთში 21 ქულას, 6 მოხსნას, 4 ასისტს და 2-2 ჩაჭრა-ბლოკს მოუყარა თავი.
სერბებიდან კი ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა, რომელმაც 28:41 წუთში 32 ქულა, 13 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა, თუმცა ეს მაჩვენებელი თამაშის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
მეოთხედფინალში იტალიის ნაკრების მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება. მატჩი 14 სექტემბერს, საქართველოს დროით 19:15 საათზე დაიწყება.