რეინჯერსი - ნაპოლის მატჩის გამართვის დღე შეიცვალა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად გლაზგოს „რეინჯერსს'' უნდა შეხვდეს. შეხვედრა 13 სექტემბრის ნაცვლად 14 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაცია ნეაპოლური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
თამაშის 1 დღით გადადების მიზეზი ბრიტანეთის პოლიციის დეპარტამენტის შეზღუდვებია. დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო ეროვნული გლოვის ღონისძიებები გაიმართება. ამიტომ, მატჩის გამართვის თარიღი შეიცვალა.
„რეინჯერსი“ - „ნაპოლის“ შეხვედრა 14 სექტემბერს, 23:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ „დიეგო მარადონაზე“ „ლივერპული“ 4:1 დაამარცხა. ნეაპოლელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც დიეგო სიმეონეს მისამართით შესრულებული საგოლე პასის გარდა გოლების შექმნაში დიდი როლი შეასრულა.
ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოს თვის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 4 გოლი და 1 საგოლე პასია.