მადრიდის რეალი, მარსელო
Aa Aa

“ჩვენ სუპერგმირები არ ვართ, ამიტომაც გიყვებით რა დამემართა“ - მე მარსელო ვარ

„სუნთქვა არ შემეძლო. ვცდილობდი პანიკას არ ავყოლოდი. ეს ყველაფერი 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის დაწყების წინ, გასახდელში ხდებოდა.

ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მკერდში რაღაც მქონდა გაჭედილი. დიდ ზეწოლას განვიცდიდი.. იცით ეს გრძნობა? ნერვებზე არ ვსაუბრობ. ნერვები ფეხბურთში ნორმალურია. ეს რაღაც განსხვავებული იყო..

გეუბნებით.. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც მახრჩობდა..

ყველაფერი ფინალის წინა ღამეს დაიწყო. ვერც ვჭამდი და ვერც ვიძინებდი. მხოლოდ მატჩზე ვფიქრობდი. ფრჩხილების კვნეტა დავიწყე. სასაცილოა, რადგან რამდენიმე წლის წინ ჩემი ცოლი კლარისი ამაზე ძალიან გაბრაზდა და მეც ამ ჩვევას თავი დავანებე.. ახლა კი ისევ დავიწყე..

ფეხბურთში ნერვიულობა ნორმალურია. არ მაინტერესებს ვინ ხარ.. თუ ფინალამდე არ ნერვიულობ, ესეიგი ნამდვილი ადამიანი არ ხარ. კარიერაში ყველაზე დიდი ზეწოლა სწორედ „ლივერპულთან“ მატჩის წინ მქონდა. შესაძლოა ხალხმა იფიქროს, რომ ეს უცნაურია, რადგან ზედიზედ ორი ჩემპიონთა ლიგა გვქონდა მოგებული. გარეთ, ყველას „ლივერპულის“ გამარჯვება სურდა. რეალურად, რაში იყო პრობლემა?

როდესაც ისტორიაში ჩაწერის შანსი გაქვს, ზეწოლას ყოველთვის განიცდი, მაგრამ მე ამას განსაკუთრებულად ვგრძნობდი. ადრე ასეთი ძლიერი შფოთვა არასდროს მქონია. ამიტომ არ ვიცოდი რა ხდებოდა.. ექიმის გამოძახებაც მინდოდა, მაგრამ შემეშინდა. მას რომ თამაშის ნებართვა არ მოეცა?

100%-ით უნდა მეთამაშა..

ჩემი თავისთვის რაღაც უნდა დამემტკიცებინა..

ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე, მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სატელევიზიო ინტერვიუში ჩემზე არასასიამოვნო რაღაც თქვა.

„მარსელომ მოჰამედ სალაჰის სურათი უნდა იყიდოს, საძინებელში გააკრას და მასზე ყოველ ღამე ილოცოს“

ეს დამამცირებელი იყო..

12 წლის და 3 ჩემპიონთა ლიგის ტიტულის შემდეგ, მან ასე უპატივცემულოდ ისაუბრა. ეს ჩემს ჩასაძირად გაკეთდა, მაგრამ ამან უფრო დიდი მოტივაცია მომცა..

ახალი ისტორიის დაწერა მინდოდა..

მსურდა, რომ ბრაზილიაში ბავშვებს ჩემთვის ისე შემოეხედათ, როგორც მე ვუყურებდი ადრე რობერტო კარლოსს.. მინდოდა ბავშვებს თმები ჩემსავით შეეჭრათ..

ვიჯექი გასახდელში და სუნთქვა მეკვრებოდა. ვფიქრობდი, თუ რამდენი ბავშვი თამაშობდა ფეხბურთს მსოფლიოს გარშემო. რამდენი მათგანი ოცნებობს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე.. ალბათ მილიონობით.. დამშვიდდი მარსელო, ბუცის თასმები შეიკარი!

ვიცოდი მოედანზე გასვლა შემეძლო და იქ ჩემთვის ცუდი არაფერი მოხდებოდა. შესაძლოა ყველაფერი ქაოსში გადაზრდილიყო, მაგრამ, როდესაც ბურთი ჩემს ფეხებთან არის ყველაფერი მშვიდდება.

მოედანზე შესვლისას სუნთქვა ისევ შემეკრა. ვიფიქრე, თუ დღეს უნდა მოვკვდე, დაე იყოს ასე! შეიძლება ეს გიჟურად ჟღერდეს, მაგრამ კარგად მინდა გააცნობიეროთ, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი ჩემთვის.

როცა ვიზრდებოდი მადრიდის „რეალზე“ და ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებაც კი სისულელე იყო. ზღაპარს ჰგავდა.. ბექჰემი, ზიდანი, კარლოსი.. ეს ბიჭები ნამდვილ ბეტმენს ჰგავდნენ. ვფიქრობდი, რომ მათ რეალურ ცხოვრებაში ვერ შევხვდებოდი. კომიქსების გმირებს ხელს ვერასდროს ჩამოართმევთ.. ხვდებით რას ვამბობ?

ეს ბიჭები ჰაერში დანარნარებდნენ.. ისინი ბალახს ზემოთ ცურავდნენ..

არაფერი შეცვლილა.. ბავშვებისთვის ახლაც ასეა..

ეს ნამდვილი ამბავია.. მადრიდში, ჩემს სახლში ერთი ბავშვი მებაღედ მუშაობს. ერთ დღეს, ჩემთან რობერტო კარლოსი მოვიდა და გასეირნება გადავწყვიტეთ. გზად სწორედ ეს ბავშვი შეგვხვდა..

ის უბრალოდ ადგილზე გაიყინა, ქანდაკებას ჰგავდა..

მე ვუთხარი: „ეს რობერტო კარლოსია“

ბავშვი მას უყურებდა და თქვა: „არა არ არის, ეს შეუძლებელია“

რობერტომ თქვა: „დიახ, ეს მე ვარ.“

ბავშვი კარლოსს თავზე შეეხო, რათა დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილად ის იყო..

საბოლოოდ თქვა: „რობერტო, ეს შენ ხარ“

როდესაც მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვითამაშე ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ეს სინამდვილე იყო. კამერას ახლო ხედით უნდა გადაეღო და გაღიმება არ შემეძლო..

ეს იყო ჩემი რეალობა, გესმით?

რამდენიმე წლის წინ, ბრაზილიაში ჩემი ოჯახის მოსანახულებლად წავედი. თან კი ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბურთი წავიღე. ოჯახის მონახულების შემდეგ, ჩემი მეგობრის ამხანაგური მატჩის საყურებლად წავედი. ბურთი ვათხოვე და ისინი მთელი ძალით ურტყამდნენ.. ბოლოს ვუთხარი: „მეგობრებო, ეს ფინალის ბურთია! გესმით?“

ყველაფერი გაჩერდა..

ბურთს ისე უყურებდნენ, თითქოს ეს მთვარის ქვა იყო..

და მათ თქვეს: „ჯანდაბა, შეუძლებელია“

ზრდასრული მამაკაცები უცებ ბავშვებს დაემსგავსნენ.. ბურთთან შეხებაც კი არ სურდათ და გაფაციცებით უყურებდნენ..

ახლა გესმით? პატარა მარსელინიოს ზედიზედ 3 ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი ჰქონდა. ეს დიდი ზეწოლა იყო. ეს ზეწოლა ძვლებში ვიგრძენი. სიმართლის თქმის არ მეშინია.

როდესაც გასახურებლად გავედით მაინც ვერ დავმშვიდდი, მაგრამ მაშინ, როცა მსაჯმა თამაშის დაწყების სასტვენი მისცა ყველაფერი შეიცვალა..

წმინდა ფეხბურთს ვხედავდი, მთვარიდან კლდე დავინახე..

მკერდში სიმძიმე გაქრა, მშვიდად ვიყავი..

ბურთის გარდა არაფერ იყო..

მატჩის შესახებ ბევრს ვერაფერს მოგიყვებით. უბრალოდ, ძალიან ნათლად მახსოვს ორი რამ..

შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთი იყო დარჩენილი.. 2:1-ს ვიგებდით და ბურთი კუთხურზე გადავიდა. იმ მომენტში სალაჰის და მისი სურათის ისტორია გამახსენდა და „რეალის“ ყოფილ ფეხბურთელს მოტივაციის მოცემისთვის გუნებაში მადლობა გადავუხადე..

10 წუთით ადრე, 3:1-ს ვიგებდით და იმ მომენტში დავრწმუნდი, რომ ჩემპიონები აუცილებლად გავხდებოდით..

ტირილი დავიწყე.. პირდაპირ მოედანზე ვტიროდი, ასეთი რამ არასდროს დამმართნია..

ვტიროდი თამაშის შემდეგაც..

ვტიროდი თასის აწევის დროსაც..

მაგრამ არა თამაშის მიმდინარეობისას..

რეალობას დავუბრუნდი და თამაში გავაგრძელე. როგორც სპორტსმენი, მისაბაძი უნდა ვიყო, მაგრამ ჩვენ არ ვართ სუპერ გმირები. ამიტომაც გიყვებით რა დამემართა. ეს რეალური ცხოვრებაა და ჩვენ ადამიანები ვართ. სისხლი ჩვენც მოგვდის და როგორც ყველა, ისევ ვნერვიულობთ ჩვენც..

4 ჩემპიონთა ლიგა ბოლო 5 წელიწადში და ეს ყოველ ჯერზე უფრო სასტიკი იყო. თქვენ გვიყურებთ თასით ხელში და იღიმებით, მაგრამ არავინ იცით ამ ყველაფრის მიღმა რა ხდება..

როდესაც ფინალებს ვიხსენებ, გონებაში ყველაფერი ფილმის კადრებად წარმოიშვება, მაგრამ სურათები საპირისპიროდ ანათებენ.. ისტორიის დასასრულიდან, დასაწყისამდე..

2017 წლის ფინალი „იუვენტუსის“ წინააღმდეგ.. ფილმი დაიწყო.. მე კაზემირო, რონალდუ და დანილო სასადილოში ვსხედვართ და სიჩუმეა. ყველა თავის საჭმელს უყურებს და მუცელი უცნაურ ხმებს გამოსცემს. მიუხედავად ამისა, არავინ არაფერს ამბობს. ირგვლივ დაძაბულობაა..

საბოლოოდ სიჩუმე კრიშტიანუმ დაარღვია: „ბიჭებო ერთი კითხვა მაქვს“

ჩვენ ვუპასუხეთ: „გისმენთ“

რონალდუ: „მხოლოდ მე ვგრძნობ ამ სიმძიმეს მუცელში?“

ყველამ ვუპასუხეთ: „არა მეგობარო, ჩვენ ყველა ვგრძნობთ ამას.“

არავის სურდა ამის აღიარება, მაგრამ თუ რონალდუ ამას გრძნობდა, ჩვენ კარგად უნდა ვყოფილიყავით. ის ყინულის მანქანაა, მაგრამ მასაც აქვს სისუსტეები..

მიუხედავად ამისა, კრიშტიანუმ დაძაბულობა დაარღვია. მხოლოდ მას შეეძლო ამის გაკეთება..

მიმტანს გაზიანი წყლის მოტანა ვთხოვეთ.. გაურკვეველი მიზეზით, ამის შემდეგ ყველა ვიცინოდით. სასტუმროდან სტადიონზე წასვლის წინ, რონალდუმ ზუსტად აღწერა თამაშის სცენარი. გვითხრა, რომ თავიდან რთული იქნებოდა, მაგრამ მეორე ტაიმში მშვიდად გავიმარჯვებდით..

ეს არასდროს დამავიწყდება.. მან იწინასწარმეტყველა..

„უნდა დამშვიდდეთ და „იუვენტუსი“ დაანგრიოთ“ - გვითხრა კრიშტიანუმ

და ჩვენ ეს გავაკეთეთ!

გონებაში რონალდუს თვითდაჯერებელ სახეს ახლაც ვხედავ, არასდროს დამავიწყდება..

ეს ისეთი ლამაზია.. ამ ისტორიებს ჩემს შვილიშვილებსაც მოვუყვები..

და გულწრფელად, 30 წლის შემდეგ, როდესაც მე მათ ვეტყვი, რომ იმავე ბალახზე ვთამაშობდი, რომელზეც მესი და რონალდუ, ალბათ მიპასუხებენ: „ბაბუა შენ გვეუბნები, რომ მათ სეზონში 50 გოლი გაჰქონდათ? იტყუები, მოხუცებული ხარ.. შენ ექიმთან უნდა წაგიყვანოთ“..

2016 წლის ფინალი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ. ფილმი ისევ გრძელდება.. გრიზმანი ფლანგზე გარბის.. მე მის შეჩერებას ვცდილობ. ბურთი აუტზე გადავიდა და წამიერად ტრიბუნიდან ხმა მესმის..

ჩვეულებრივ, მატჩის დროს ფეხბურთელებს არაფერი ესმით. გულშემატკივრებსაც ვერ ვხედავთ.. თამაშის გარდა არაფერზე ფიქრობ. ამის გამო არ შფოთავ და თავისუფალი ხარ, მაგრამ მილანში „რეალის“ ფეხბურთელების მშობლები და ოჯახის წევრები ჩვენს სათადარიგოთა სკამთან ძალიან ახლოს ისხდნენ..

უცებ შორიდან მომესმა ეს პაწაწინა ხმა, ისეთი მკაფიო იყო..

„მიდი მამი, მიდი მამი“

ეს ჩემი შვილი ენცო იყო..

იმ მომენტში მისმა ხმამ იმხელა ძალა მომცა, რომ ამის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია!

მატჩში პენალტების დრო დადგა. კარგად მახსოვს ლუკას ვასკესი, რომელიც პირველი წავიდა დასარტყმელად და ბურთი თითზე დაიტრიალა. ეს ისე ჩანდა, თითქოს ფეხბურთს უბრალოდ ეზოში ვთამაშობდით და სხვა არაფერი. მახსოვს, ვფიქრობდი, თუ ვერ გაიტანს მას ყველა ვცემდით..

ლუკასმა იდეალურად დაარტყა და გაიტანა!

მას ყველა ჩახუტებულები ველოდებოდით. კაზემირო დაჩოქილი ლოცულობდა, ხოლო პეპე ბავშვივით ტიროდა.

შემდეგ კრიშტიანუს ვუთხარი: „ხუანფრანი პენალტს გააფუჭებს და შენ გამარჯვების მომტან პენალტს გაიტან.“

და შემდეგ რა მოხდა? ხუანფრანმა ვერ გაიტანა და რონალდუმ მოგვაგებინა..

ჩემი ოჯახისკენ საათში 20 კილომეტრის სიჩქარით გავიქეცი. ჩემს მეუღლესთან და შვილთან ჩახუტება მინდოდა..

ბედნიერებისგან ნამდვილ გიჟს ვგავდი..


2014 წლის ფინალი.. ფილმი გრძელდება.. სათადარიგოთა სკამზე ვზივარ. ძირითად შემადგენლობაში კოენტრაო დადგა. ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ სიმშვიდეს ვინარჩუნებდი და ვიცოდი, რომ შანსი მომეცემოდა.

მეორე ტაიმის დროს გახურება იქამდე დავიწყე, სანამ ამას ანჩელოტი მეტყოდა. ჩემ თავს ვეუბნებოდი, რომ თუ მოედანზე შევიდოდი ყველაფერს იქ დავტოვებდი. საბოლოოდ კარლომ გახურებისკენ მომიწოდა, მაგრამ მე ისეთი ცხელი ვიყავი ყურებიდან ორთქლი გამომდიოდა!

დღემდე ვერ გეტყვით კარგად ვითამაშე, თუ ცუდად.. ერთი ის ვიცი, რომ მოედანზე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო.

კარგად ვიცი, ყველას 92-ე წუთი და 48-ე წამი ახსოვს. ეს დიდებული მომენტი იყო..

თავი..

სერხიო რამოსი..

ლიდერი..

თითქოს გარდაცვლილები ვიყავით და სერხიომ გაგვაცოცხლა..

მაგრამ ეს ის ფილმი არ არის, რომელიც ჩემს გონებაში მიმდინარეობს..

სიუჟეტი უკვე გასახდელში გრძელდება. „რეალის“ ერთ-ერთი თანამშრომელი მეუბნება: „მარს, 90-ე წუთზე „ატლეტიკოს“ წარმომადგენელი დავინახე, რომელსაც საჩემპიონო მაისურები ჰქონდა გამზადებული.“

ის იცინოდა და სიხარულის ცრემლებით ტიროდა..

მას ვუთხარი: „ახლა ბედნიერებს შეგვიძლია მოვკვდეთ..“

ის მომენტი არასდროს დამავიწყდება..

თასები კაბინეტში მიდის, მაგრამ მოგონებები ჩვენს გონებაში რჩება..

4 ჩემპიონთა ლიგის თასი 5 წელიწადში და ეს ყოველ ჯერზე უფრო რთული იყო. თქვენ მხოლოდ შედეგს ხედავთ და არ იცით რა რთული იყო ყველაფერი..

მადრიდის „რეალში“ არ არსებობს „კარგი ამას ხვალ ვიზამ.“

არა, მხოლოდ დღევანდელობა არსებობს!

გასულ სეზონში ვერაფერი მოვიგეთ და ამან დაგვამწუხრა, თუმცა ამავდროულად მშიერი გავხდი და დიდი მოტივაცია მომეცა. ისეთი ვნება მქონდა, როგორც პატარა ბავშვებს აქვთ..

იცით? როდესაც 18 წლის ვიყავი და მადრიდში მივემგზავრებოდი, არ ვიცოდი, რომ კონტრაქტი უნდა გამეფორმებინა. მეგონა, უბრალოდ დამაკვირდებოდნენ და პასუხს შემდეგ მეტყოდნენ. მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, ვინც სიმართლე იცოდა, ეს მამაჩემი იყო..

მადრიდის „რეალი“ - ეს ხომ ზღაპარია?!

ადამიანები თვითმფრინავში არ ჯდებიან და ოჯახის წევრებს არ ეუბნებიან, რომ „რეალში“ სათამაშოდ მიდიან.

მახსოვს, ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ, „ბლანკოსის“ ოფისში ვიჯექი და ერთ-ერთმა მწვრთნელმა თქვა: „კარგი, მარსელო, ხვალისთვის კოსტიუმი და ჰალსტუხი უნდა იყიდო“.

ვერ მივხვდი, რაში მჭირდებოდა ასეთი ჩაცმულობა..

მიპასუხეს: „ბერნაბეუზე პრეზენტაციისთვის, შვილო“

რაააააააააა?

როდესაც მაგიდაზე კონტრაქტი დამიდეს, ხელი ელვის სისწრაფით მოვაწერე.

რომ დამჭირვებოდა, ხელს სისხლითაც მოვაწერდი..

მახსოვს, ხელშეკრულება 5-წლიანი იყო და ჩემ თავს ვუთხარი: „შენ აქ 10 წელს გაატარებ.“

იმედი მაქვს, ამის წაკითხვის შემდეგ, მიხვდებით რას ნიშნავს „რეალი“ ჩემთვის. უნდა გესმოდეთ, საიდან მოვედი მე აქ..

ბოლო ფილმი, რომელიც ჩემს გონებაში მიმდინარეობს:

10 წლის ვარ.. ჩემს ოჯახს იმის ფული არ ჰქონდა, რომ ფეხბურთზე ყოველდღე ვეტარებინე. ბაბუაჩემმა მსხვერპლი გაიღო და თავისი მანქანა გაყიდა. აღებული ფული კი მთლიანად ავტობუსის სამგზავრო ბარათში დააბანდა. ასე რომ, მე ყოველდღე შემეძლო ვარჯიშზე სიარული..

ყოველდღე, როგორც არ უნდა ვითამაშო, ის მეუბნება: „შენ საუკეთესო ხარ. მარსელინიო ხარ! ერთ დღესაც ბრაზილიის ნაკრებში ითამაშებ. ერთ დღესაც „მარაკანაზე“ გნახავ..

ჯერ კიდევ ვგრძნობ იმ ავტობუსის სუნს, რომლითაც მე და ბაბუა ვარჯიშზე დავდიოდით..

ბაბუამ ჩემს ოცნებას მთელი თავისი ცხოვრება შესწირა. მას ჩემი სჯეროდა, ჩვენ პარტნიორები ვიყავით..

სწორედ ამიტომ ავტირდი, როდესაც „ლივერპულთან“ თამაში დასრულდა..

ყველაფერი დამიბრუნდა..

ფილმი ჩემს გონებაში ისევ მიმდინარეობს..

იმდენი ისტორიაა კულისებში, რომლებიც ხალხმა არ იცის.. მინდა ეს ისტორიები თქვენც იცოდეთ, რათა ნათლად გაიაზროთ, თუ რაზე ვიცინოდით, რა გვიჭირდა და რამდენი გავაკეთეთ აქ მოსასვლელად.. თქვენთვის კიდევ ბევრი ამბავი მაქვს, მაგრამ ცოტა მოცდა მოგიწევთ..

მაგრამ ახლა, მე მხოლოდ ერთი შეტყობინება მაქვს მათთვის, ვისაც ჩემში ეჭვი ეპარებოდა..

მადრიდის „რეალი“ დაბრუნდება..

თქვენ ეს დღიურში შეგიძლიათ ჩაიწეროთ..

მე აქ ყველაფერი მოვიგე..

ილოცეთ, რომ „რეალს“ არასდროს შეხვდეთ.." - მე მარსელო ვარ

გაზიარება: