ზედიზედ მესამე ფრე - ბაიერნმა ამჯერად შტუტგარტს ვერ მოუგო
ბუნდესლიგის მორიგ ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „შტუტგარტს“ უმასპინძლა და ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
პირველი ტაიმი მეტნაკლებად თანაბარი იყო. ბურთს ძირითადად მასპინძლები ფლობდნენ, ხოლო სტუმრები საკუთარ თამაშს კონტრ-შეტევაზე აწყობდნენ. ანგარიში 36-ე წუთზე 17 წლის მატის ტელმა გახსნა და პირველი ნახევარი „ბაიერნმა“ მოიგო.
მეორე ტაიმში სურათი შეიცვალა. მიუნხენელები გაცილებით მეტ მომენტს ქმნიდნენ, თუმცა ანგარიშის გათანაბრება „შტუტგარტმა“ მაინც შეძლო. 57-ე წუთზე თავი ფიურიხმა გამოიჩინა. ამის შემდეგ, ნაგელსმანის შეგირდებმა ზეწოლა გააძლიერეს და მე-60 წუთზე მუსიალამ „რეკორდმაისტერი“ წინ გაიყვანა.
სტუმართა გუნდი მარცხს არ ეგუებოდა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანგარიში გაათანაბრა. ამჯერად თავი სერჰუ გუირასიმ გამოიჩინა. როგორც უკვე მოგახსენეთ, „ბაიერნმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა ვერ მოიგო, მაგრამ არც წაუგია. სამივე მატჩი ფრედ დასრულდა.
მიუხედავად ასეთი შედეგებისა ბუნდესლიგას ამ მომენტისთვის მაინც „რეკორდმაისტერი“ ლიდერობს. ნაგელსმანის გუნდს 6 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს.
მატჩის ვიდეო მიმოხილვა