„კაშკაშებს და ქომაგებს ჟრუანტელს ჰგვრის“ - ევროპული მედია ხვიჩაზე
იტალიის სერია ა-ს მე-6 ტურში „ნაპოლიმ'' „დიეგო მარადონაზე“ „სპეცია“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე რასპადორიმ გაიტანა. მატჩის დაწყებამდე ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო. რაც შეეხება თამაშს, პირველ ტაიმში ხვიჩა აქტიური იყო, მწვავე შეტევები განავითარა, თუმცა ამჯერად გოლი არ გაუტანია.
იტალიურმა Calcionapoli 24-მა ხვიჩას 6,5 დაუწერა, რაც „ნაპოლიში'' საუკეთესო შეფასება იყო:
„მე-6 წუთზე ორ მეტოქეს გაცდა და ეს ძალიან მარტივად გააკეთა, მისი დარტყმა მხოლოდ ნიკოლაუმ შეაჩერა. შემდეგ დრაგოვსკიმ მისი დარტყმა მოიგერია, 23-ე წუთზე კვლავ დრიბლინგი შეასრულა და ახლო კუთხეში დაარტყა. და ისევ, 34-ე და 35-ე წუთებზე - ის ქომაგებს ჟრუანტელს ჰგვრის. და კვლავ, 70 წუთზე მეტი არც ამჯერად უთამაშია''.
ნიდერლანდური Voetbalprimeur:
„ხვიჩა კვარაცხელიამ კვლავ დაამტკიცა, რომ „ნაპოლის'' ლიდერია. „აიაქსი'' ყურადღებით უნდა იყოს, „ნაპოლის'' ტალანტი სერია ა-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ის კაშკაშებს''.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „აიაქსი'' „ნაპოლის“ მიიღებს. შეხვედრა 4 ოქტომბერს გაიმართება.
ფრანგული Lequipe:
„ნაპოლიმ'' კარგი მატჩი ჩაატარა. პირველ ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიამ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა მეკარე დრაგოვისკი ძალიან კარგად მოქმედებდა“.
ტრადიციულად, ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩა 90 წუთი არ ათამაშა, 67-ე წუთზე დიეგო სიმეონეთი შეცვალა.
,,ნაპოლი'' 14 ქულით სერია ა-ს ერთპიროვნული ლიდერია, თუმცა უშუალო კონკურენტებს მე-6 ტურის შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებიათ.
მე-7 ტურში „ნაპოლი'' „მილანს'' ესტუმრება. შეხვედრა 18 სექტემბერს, „სან სიროზე'' გაიმართება.