ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშმა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულის“ წინააღმდეგ ვიხილეთ, ბრიტანულ პრესაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ქართველი ფეხბურთელის ირგვლივ წერა არ წყდება.
ამჯერად Liverpool.com-მა ხვიჩას სტატია მიუძღვნა და სინანულით აღნიშნა, რომ „ლივერპულს“ „კვარას“ შეძენა შეეძლო და „მერსისაიდელებს“ შესაძლოა ნეაპოლში განადგურება თავიდან აერიდებინათ.
„სამწუხაროდ, ოთხშაბათ საღამოს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის მქონე ფეხბურთელს ნაპოლის ლურჯი ფერის მაისური ეცვა და არა ლივერპულის წითელი. ყველაფერი, რომ სხვაგვარად განვითარებულიყო, შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელია ამ შეხვედრაში მეორე მხარეს მდგარიყო და ლივერპულისთვის შედეგი არც ისე გულდასაწყვეტი ყოფილიყო.
ქართველი ფეხბურთელის დებიუტი იმ საღამოს, ბევრისთვის წარუშლელად დარჩება, როცა ნაპოლიმ ლივერპული ნამდვილად გაანადგურა.
გასული სეზონის ლიგის ფინალისტების წინააღმდეგ თამაშისას, კვარაცხელიას მათი სიდიადე არ აწუხებდა. იგი მეტოქეებს გვერდს სლალომებით უვლიდა და ხანდახან რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ის უბრალოდ მანეკენებს ეთამაშებოდა და არა ნამდვილ ფეხბურთელებს.
ეს არ ყოფილა მხოლოდ მისი უნარის დემონსტრირება ბურთით თამაშისას. ყურადღება მისმა ენერგიულობამაც მიიპყრო, როდესაც მესამე გოლისას დაუნდობელი პრესინგით გომესი გაანადგურა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
საბოლოოდ, როდესაც კვარაცხელია შეცვალეს, ეს ლივერპულისთვის წყალობა იყო.
კვარაცხელიას ამ სეზონში 6 თამაშში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. საშუალოდ 1 თამაშში 1.44 საგოლე მოქმედებას ასრულებს (გოლი ან ასისტი). გულშემატკივრებმა მას უკვე შეარქვეს კვარადონა.
სამართლიანია აღინიშნოს, რომ კვარაცხელიამ უკვე გამოიმუშავა ის 9 მილიონი ფუნტი, რომელიც კლუბმა ბათუმის დინამოს მის სანაცვლოდ გადაუხადა. იტალიური მხარე დიდ მოგებას მიიღებს ამაღელვებელი გარემარბით, რომელსაც აქვს უკიდურესად უნიკალური პროფილი და ის, რომელიც ნამდვილად მოერგება მსოფლიოს ნებისმიერ კლუბს, მათ შორის ლივერპულს.
სალაჰს კონტრაქტი 2025 წელს ეწურება და კვარაცხელია, რომელიც კაპელომ სწორედ „მო“-ს შეადარა, ქართველი ეგვიპტელის შესანიშნავი შემცვლელი იქნებოდა, თუ ამ ტემპს შეინარჩუნებს, რომელიც ახლა აქვს.
ეს მომავლის საქმეა. ახლა კი ლივერპულში თავიანთ ფეხებსს უნდა ურტყამდნენ იმისთვის, რომ კვარაცხელიასთვის თავის დროზე არ იბრძოლეს. მით უმეტეს, რომ ხვიჩამ გასულ წელს კლოპი დაასახელა იმ მწვრთნელად, რომელთანაც მუშაობას ყველაზე მეტად ისურვებდა. „რუსთავი 2“-ის ეთერში დასმულ კითხვაზე მან უპასუხა:
„ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო იურგენ კლოპთან მუშაობა იქნება. ჩემი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ!"
ლივერპული არის კლუბი, რომელსაც შეუძლია ქართველისთვის ეს ორივე ოცნება რეალობად აქციოს და მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლიდან მისი წამოყვანა რთული იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ მას კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული, წითლებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ. ამ საქმისთვის რამდენიმე წელი იქნება საჭირო, თუ რა თქმა უნდა, ის ისევ ხელმისაწვდომია და ბარსელონასთან ან რეალთან მოლაპარაკებებს არ გამართავს“. - წერს ბრიტანული გამოცემა.