ნაგელსმანი: “გამარჯვება ჩვენ დავიმსახურეთ“
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეს ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ინტერმა“ „ბაიერნს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. „რეკორდმაისტერის“ მხრიდან პირველი გოლი სანემ გაიტანა, ხოლო მეორე ბურთი დ’ამბროსიომ საკუთარ კარში ჩაჭრა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიუნხენური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ნაგელსმანმა?
„ჩემი გუნდის თამაშით ბედნიერი ვარ. 90 წუთის განმავლობაში შესანიშნავი ინტენსივობა გვქონდა. ორივე ტაიმში მეტოქეს მომენტების შესაქმნელად 10 წუთი მივეცით, სადაც გამოჩნდა, რომ „ინტერი“ ძლიერი და სახიფათო გუნდია. მთლიანობაში, გამარჯვება ჩვენ დავიმსახურეთ. ჩემპიონთა ლიგის 3 ქულით დაწყება მნიშვნელოვანი იყო.
მოგების მიუხედავად, მე მხოლოდ წინ ვიხედები. „ბარსელონასთან“ გვიწევს თამაში და ჩვენ ლევანდოვსკი შემოგვიტევს. ის ძალიან სახიფათოა. მიუხედავად ამისა, მისი ნახვით მოხარული ვიქნები. იმედი მაქვს, მას გულშემატკივრებიც დადებითად შეხვდებიან და პატივისცემას გამოხატავენ.“
ცნობისთვის, თავისი მატჩი მოიგო კატალონიის „ბარსელონამ“, რომელმაც „პლზენი“ 5:1 გაანადგურა. ამ მომენტისთვის, ჯგუფს ბარსა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ლიდერობს. მეორე პოზიციაზე „ბაიერნია“. 3-4 ადგილს კი „ინტერი“ და „პლზენი“ იყოფენ.
მატჩის ვიდეო მიმოხილვა